თბილისის საკრებულოში ახალი ფრაქცია იქმნება

თბილისის საკრებულოში ახალი ფრაქცია იქმნება

თბილისის საკრებულოში ახალი ფრაქცია _ "დამოუკიდებელი დემოკრატები" იქმნება. როგორც "ინტერპრესნიუსს" დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჯინჭარაძემ განუცხადა, მასთან ერთად ახლად შექმნილ ფრაქციაში გიორგი ქველაძე და გელა ომანიძე იქნებიან. ჯინჭარაძის განმარტებით, რადგანაც ის იურიდიული კომისიის თავმჯდომარეა, ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი ქველაძე იქნება.
"ახალი ფრაქცია საკრებულოში მოქალაქეებისთვის აქტუალურ ყველა საკითხზე იმუშავებს. ამ ეტაპზე ფრაქცია სამწევრიანი იქნება. ფრაქციაში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებები სხვა დამოუკიდებელ დეპუტატებთანაც გვექნება", _ აღნიშნა ჯინჭარაძემ.

ახლად შექმნილი ფრაქციის წევრები ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრები არიან. ფრაქციის ჩამოყალიბების შესახებ განცხადებას დღეს საკრებულოში ბრიფინგზე გააკეთებენ.
ამჟამად თბილისის საკრებულოში ფრაქცია "ნაციონალურ მოძრაობაში" 26 დეპუტატია. ოპოზიციაში კი 21. სულ თბილისის თვითმმართველობით ორგანოში ამ ეტაპზე ხუთი ფრაქციაა: "ნაციონალური მოძრაობა", "ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველო", "ქართული ოცნება _ თბილისელები", "ქართული ოცნება _ თბილისი" და "თავისუფლება".