მოსკოვში დღეს ქართულ-რუსული ეკონომიკური ფორუმი შედგება

მოსკოვში დღეს ქართულ-რუსული ეკონომიკური ფორუმი შედგება

მოსკოვში დღეს ქართულ-რუსული ეკონომიკური ფორუმი გაიმართება. საქართველო-რუსეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ცენტრის ხელმძღვანელის , გიორგი სეთურიძის განცხადებით, ფორუმი ცენტრისა და რუსი პარტნიორების ინიციატივით ტარდება.

რუსული მხრიდან შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებენ საზოგადოებრივი და კერძო სტრუქტურების წარმომადგენლები. რაც შეეხება ქართულ მხარეს, მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ბანკების ასოციაცია, ავიაკომპანია "აირზენა", "ქართული ღვინის ექსპერტიორთა ასოციაციაში" შემავალი კომპანიები, ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები.
როგორც გიორგი სეთურიძე აცხადებს, არანაირი კავშირი არ აქვთ არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან და მათი მიზანია მხოლოდ ეკონომიკური წარმატება.


რაც შეეხება ფორმუმს, სეთურიძის თქმით, ეს იქნება ორნაწილიანი. პირველ ნაწილში იქნება ქართული მხარის პრეზენტაციები და საუბარი შეეხება იმ პროექტებს, სადაც შეიძლება პარტნიორობა. მეორე ნაწილში შედგება მსჯელობა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც დარგობრივი გაერთიანების ხელმძღვანელები, ასევე დამოუკიდებელი ექსპერტები.

რუსეთ-საქართველოს ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში განიხილება რამდენიმე თემა, მათ შორის საუბარი იქნება სოფლის მეურნეობაზე, ტურიზმზე, საბანკო სექტორზე, ენერგეტიკაზე. ფორუმის შედეგების მიხედვით კი, დაიგეგმება მასშტაბური ბიზნესშეკრება თბილისში, რომელიც, სეთურიძის განცხადებით, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის მაისის ბოლოს შედგება.