ლიამ გალახერი ფილმს გადაიღებს

ლიამ გალახერი ფილმს გადაიღებს

ბრიტანულმა გამოცემამ “The Sun” გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჯგუფი “Oasis”-ის ყოფილი წევრი ლიამ გალახერი უახლოეს მომავალში ჯგუფის ისტორიის შესახებ დოკუმენტურ სურათს გადაიღებს.

 

ფილმი დაიწყება იმ კამათით რომელიც ლიამსა და ნოელს შორის 2009 წლის აგვისტოში პარიზში მოხდა. ამ კონფლიქტის შემდეგ ჯგუფი დაიშალა და ძმებმა საერთო ენის გამონახვა დღემდე ვერ შეძლეს.

 

ამ სურათში ნაჩვენები იქნება “Oasis”-ის მიერ გავლილი მთელი გზა, დაარსებიდან დიდი სცენიდან საბოლოოდ გაქრობამდე.

 

ლიამ გალახერს კინემატოგრაფი ადრეც აინტერესებდა. რამდენიმე წლის წინ მან კომპანია “In 1 Productions” ჩამოაყალიბა.

 

რამდენიმე წლის წინ მწერალმა რიჩარდ დილელომ “The Beatles”-ის ბიოგრაფია გამოაქვეყნა. ამ ნაშრომის სახელწოდებაა “The Longest Cocktail Party”. მასში მოთხრობილია ჯგუფის მუსიკალური კარიერის ბოლო წლების შესახებ.

 

ორი წლის წინ, ამ ნაწარმოების ეკრანიზაციის უფლება ლიამ გალახერმა შეიძინა და ამ სურათის პროდიუსერობას აპირებდა. გალახერმა სურვილი მხოლოდ ერთი თვის წინ აისრულა, როდესაც ამ პროექტით კინორეჟისორი მაიკლ უინტერბოლტი დააინტერესა.

 

გამოცემა “The Playlist”-ის ცნობით ამ სურათის სახელწოდება წიგნის დასახელების იდენტური იქნება.

 

ლიამ გალახერს იმედი აქვს, რომ სურათი “The Longest Cocktail Party" მსოფლიოს კინოეკრანებზე 2013 წელს გამოვა.

 

2009 წლის განხეთქილების შემდეგ ლიამ გალახერმა “Oasis”-ის დანარჩენ წევრებთან ერთად ახალი ჯგუფი “Beady Eye” ჩამოაყალიბა. მიმდინარე წლის იანვარში მუსიკოსებმა პირველი სტუდიური ალბომი “Different Gear, Still Speeding” გამოუშვეს. ამ ნამუშევარმა ბრიტანული მუსიკალური ალბომების ჩართებში მესამე ადგილი დაიკავა.