სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ეთიკის კოდექსი ამოქმედდა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ეთიკის კოდექსი ამოქმედდა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ეთიკის კოდექსი ამოქმედდა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორთა ეთიკის კოდექსი, გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას ხელმოწერით, "საკანონმდებლო მაცნეში" გამოქვეყნდა. 

დოკუმენტის თანახმად, აუდიტორის პროფესიული ეთიკის ძირითად პრინციპებად განსაზღვრულია: პატიოსნება, დამოუკიდებლობა და ობიექტურობა, პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, ინტერესთა კონფლიქტის დაუშვებლობა, პროფესიული საიდუმლოების დაცვა, პასუხისმგებლობა, პროფესიონალიზმი და ურთიერთობის ეთიკა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორთა ეთიკის კოდექსი ზემოთაღნიშნულ ყველა პრინციპს აკონკრეტებს და მისი დარღვევისასთვის პასუხისმგებლობასაც განსაზღვრავს.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ აუდიტორი სამსახურებრივ უფლება-მოვალეობათა განხორციელებისას არ უნდა მოექცეს აუდიტის ობიექტის, თანამდებობის პირის, საჯაროდ გამოხატული შეფასების ან სხვა ისეთი ფაქტორების გავლენის ქვეშ, რამაც შეიძლება სამსახურებრივი საქმიანობის ჯეროვნად განხორციელებას ხელი შეუშალოს. კოდექსში აღნიშნულია, რომ აუდიტორი არ არის უფლებამოსილი განახორციელოს სამსახურებრივი საქმიანობა, თუ მის მიმართ პირადი ინტერესი აქვს. აუდიტორი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს ხელმძღვანელს იმ გარემოებათა შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნის მის დამოუკიდებლობას ან ქმნის ამ საფრთხის წარმოშობის წინაპირობას. აუდიტორმა თავი უნდა შეიკავოს ნებისმიერი ქმედებისგან, რამაც შეიძლება ეჭვქვეშ დააყენოს მისი დამოუკიდებლობა ან გავლენა მოახდინოს მის სამსახურებრივ საქმიანობაზე. აუდიტორი ასევე ვალდებულია მიუკერძოებლად შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

რაც შეეხება პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს, ეთიკის კოდექსი აუდიტორებს პოლიტიკური პარტიის წევრობას და პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობას უკრძალავს. ამასთან დაკავშირებით დოკუმენტში ნათქვამია, რომ აუდიტორმა, მიუხედავად თავისი პოლიტიკური შეხედულებებისა, უნდა შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა და თავისი საქმიანობა მიუკერძოებლად განახორციელოს. აუდიტორმა თავი უნდა შეიკავოს ნებისმიერი ქმედებისგან, რამაც შეიძლება ეჭვი შეიტანოს მის ობიექტურობასა და დამოუკიდებლობაში, ან ზიანი მიაყენოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, როგორც პოლიტიკურად ნეიტრალური ორგანოს რეპუტაციას.

ინტერესთა კონფლიქტის დაუშვებლობის მიზნით, ეთიკის კოდექსი აუდიტორებს "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" და ასევე "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონით დადგენილი წესების დაცვას ავალდებულებს. აუდიტორს ეკრძალება ნებისმიერი საჩუქრის ან მომსახურების მიღება, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე ან, რომელიც შეიძლება აღქმულ იქნეს აუდიტორზე ზემოქმედებად და საეჭვო გახადოს მისი პატიოსნება, დამოუკიდებლობა და ობიექტურობა. ეთიკის კოდექსში ნათქვამია, რომ აუდიტორმა უშუალო ხელმძღვანელს უნდა შეატყობინოს ნებისმიერ არსებულ თუ შესაძლო ინტერესთა შეუთავსებლობაზე, მათ შორის, წარსულში აუდიტის ობიექტთან არსებული შრომითი ურთიერთობების ან სხვა ისეთი ურთიერთობის თაობაზე, რომელშიც იგი ფინანსურად ან სხვაგვარად არის დამოკიდებული სხვა პირზე, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მისი საქმიანობის შედეგებზე. აუდიტორმა ასევე თავი უნდა აარიდოს ისეთ ურთიერთობებს, რომლებიც კორუფციის რისკს ქმნის.

ეთიკის კოდექში სახელმწიფო აუდიტორებს პროფესიული საიდუმლოების დაცვასაც ავალდებულებს. კოდექსის თანახმად, აუდიტორი ვალდებულია არ გაახმაუროს ინფორმაცია, რომელიც მისთვის ხელმისაწვდომი პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას გახდა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ინფორმაციის გაცემა კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოვალეობათა შესრულებასთან არის დაკავშირებული. აუდიტორი ვალდებულია აუდიტის შედეგები არ გახადოს საჯარო აუდიტის შედეგების შემაჯამებელი შესაბამისი დოკუმენტის შედგენამდე. აუდიტორი ასევე ვალდებულია არ გამოიყენოს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას მოპოვებული ინფორმაცია პირადი მიზნებისათვის.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორთა ეთიკის კოდექსი ითვალისწინებს პასუხიმგებლობის დაკისრებას კოდექსის მოთხოვნათა დარღვევისათვის. კოდექსის მოთხოვნათა დარღვევა კი დისციპლინურ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.

დისციპლინური საქმისწარმოების მიზნით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსამსახურეთაგან შეიქმნება ეთიკის კომისია, ხუთი წევრის შემადგენლობით. ეთიკის კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადა ორი წელი იქნება.

სადისციპლინო საქმისწარმოების დაწყების საფუძველი შეიძლება გახდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში წარდგენილი ინფორმაცია აუდიტორის მიერ ისეთი ქმედების ჩადენის შესახებ, რომელიც კოდექსით განსაზღვრულ პრინციპებს ეწინააღმდეგება. ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება გენერალური აუდიტორისათვის სარეკომენდაციო ხასიათისაა, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას აუდიტორისათვის დისციპლინური სახდელის დადების შესახებ და რომელიც შეიძლება კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრდეს.