ვალერი თელიას საავადმყოფოდან, სავარაუდოდ, დღეს გაწერენ

ვალერი თელიას საავადმყოფოდან, სავარაუდოდ, დღეს გაწერენ

შს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროს ვალერიან თელიას საავადმყოფოდან, სავარაუდოდ, დღეს გაწერენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" კლინიკა "მედინას" ხელმძღვანელმა ჯუმბერ უნგიაძემ განუცხადა, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

"ვალერიან თელია კარგად არის და, სავარაუდოდ, დღეს გაეწერება საავადმყოფოდან. ამ ეტაპზე მედიკამენტებით მკურნალობას აღარ საჭიროებს", - აღნიშნა ჯუმბერ უნგიაძემ.


ვალერიან თელია ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 3 მარტს მოათავსეს. ექიმების ინფორმაციით, მას დაუდგინდა კონვერსიული აშლილობა, გაიარა ნევროპათოლოგის კონსულტაცია, რის შემდეგაც საკუთარი სურვილით სამკურანლოდ კლინიკა "მედინაში" გადაიყვანეს.

ვალერიან თელიასა და საია-ს აჭარის ორგანიზაციის თანამშრომელს შორის ბათუმში, 28 მარტს ინციდენტი მოხდა. გრიბოედოვის ქუჩაზე როინ ფარტენაძესა და ვალერიან თელიას შორის ფიზიკურ შეხლა-შემოხლასა და სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.