მიხეილ სააკაშვილი - საგარეო პოლიტიკის მიმართულებით თავმოყვარე პოლიტიკის გატარება გვჭირდება

მიხეილ სააკაშვილი - საგარეო პოლიტიკის მიმართულებით თავმოყვარე პოლიტიკის გატარება გვჭირდება

რაბათის ციხის გუმბათის რეკონსტრუქციაზე თურქეთის მხრიდან არანაირი კატეგორიული მოთხოვნა არასდროს ყოფილა, - ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თურქეთის პრემიერ-მინისტრ, რეჯებ ტაიპ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მიხეილ სააკაშვილმა გუშინ გამართული შეხვედრისას განხილული საკითხების შესახებ ისაუბრა, მათ შორის, ყურადღება რაბათის ციხის ხელახალი რეკონსტრუქციის თაობაზე გაამახვილა. მისი თქმით, თურქეთის პრემიერ-მინისტრთან ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უპირველეს ყოვლისა, ისაუბრეს ნატო-სთან ინტეგრაციის საკითხზე და ამ მიმართულებით, თურქეთი საქართველოს დახმარებას დაჰპირდა. მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო კარგად უნდა მოემზადოს ნატო-ს მომავალი სამიტისთვის და აღნიშნა, რომ მთავარი მეგზური ნატო-ში ინტეგრაციის თვალსაზრისით სწორედ თურქეთია.

შეხვედრაზე ასევე დეტალურად განიხილეს ახალციხის მეჩეთთან და რაბათის ციხის კომპლექსთან დაკავშირებული საკითხები. "თქვენ იცით, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოს მთავრობისგან შემოვიდა წერილი გუმბათის რეკონსტრუქციისა და სხვა შიდა ცვლილებების თაობაზე. ამას ხელი არ მოვაწერე და პრემიერ-მინისტრ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ ამ გადაწყვეტილების სისწორეში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. მას დეტალურად დავათვალიერებინე წიგნი, რომელშიც შესულია ულამაზესი რაბათი. მინდა სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ თურქეთის მხრიდან არანაირი მსგავსი, მით უმეტეს, კატეგორიული მოთხოვნა არასდროს ყოფილა. პრემიერ-მინისტრი დამეთანხმა, რომ ეს გუმბათი უნდა დარჩეს ოქროსფერი. ყველა სხვა საკითხი დელიკატურად უნდა განვიხილოთ სპეციალისტებთან ერთად ისე, რომ არც ერთი მხარის ინტერესები არ შეილახოს. ამას გარდა, შევთანხმდით, რომ თუკი თურქეთის ტერიტორიაზე ჩვენ მხოლოდ აზომვით შემოვიფარგლებოდით და პატარ-პატარა სამუშაოებს ვასრულებდით, ახლა სრული მასშტაბით დაუშვებენ ქართველ სპეციალისტებს. ამას დაეთანხმა პრემიერ-მინისტრიც და არქეოლოგები, რესტარვატორები, არქიტექტორები შეისწავლიან და მოამზადებენ ჩვენი, ქართული ძეგლების რესტავრაციის პროექტს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან კულტურული ძეგლები საჭიროებს გადარჩენას და პრემიერ-მინისტრმა ეს მშვენივრად გაიგო. საერთოდ, მინდა ვთქვა, რომ ამ თემებს ძალიან ფრთხილად უნდა მოვეპყროთ. საქართველოში ასაშენებელი კიდევ ბევრია. აშენებული ბევრი დავტოვეთ, მაგრამ 100-ჯერ მეტია ასაშენებელი. მოდით, უკვე აშენებულს თავი დავანებოთ, მით უმეტეს, ასეთ ლამაზს და ნიშნის მოგებით ან ჯინზე კი არ გავაკეთოთ რამე - არ მინდა ვინმე კონრეტულად დავადანაშაულო, ბრალი დავდო ან ეჭვი შევიტანო - უბრალოდ, ახალი შევქმნათ. თუ გვაქვს რესურსი ვაშენოთ - ბავშვთა სახლებია გადასახური, ლტოვილთა სახლების სახურავებიდან ჩამოდის წყალი, ვერც ეს დავამთავრეთ და დაასრულონ. რაბათის გუმბათებს თავი დაანებონ. საგარეო პოლიტიკის მიმართულებით კი გვჭირდება თავმოყვარე საგარეო პოლიტიკის გატარება. პრინციპული საუბარი ყველას მშვენივრად ესმის და ამაში დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.