ოფშორული კომპანიების მფლობელთა გამომჟღავნებას ტელეკომპანია

ოფშორული კომპანიების მფლობელთა გამომჟღავნებას ტელეკომპანია "ევრონიუსიც" ეხმაურება

საგამოძიებო ჟურნალისტიკის საერთაშორისო კონსორციუმის მიერ ორიოდე დღის წინ სხვადასხვა კუნძულებზე ოფშორული კომპანიების მფლობელთა გამომჟღავნებას, ტელეკომპანია "ევრონიუსიც" ეხმაურება. "ევრონიუსის" კორესპონდენტი შტეფან გრობე ICIJ-ის ერთ-ერთ რედაქტორს მაიკლ ჰადსონს ესაუბრა კონსორციუმის მიერ ჩატარებული გამოძიების შესახებ.
"თავდაპირველად, ჩვენ უნდა დავამუშავოთ და გავერკვეთ მოპოვებულ მონაცემებში. დასავლელი ჟურნალისტებისთვის ეს ადვილი გასაკეთებელია – ისინი ჩადიან ამა თუ იმ ქვეყანაში, რამდენიმე დღეს ატარებენ და ფიქრობენ, რომ ყველაფერი იციან. თუმცა, სხვა საქმეა ადგილობრივი ჟურნალისტების მუშაობა. ისინი იცნობენ კონკრეტულ მოთამაშეებს, კანონს, ისტორიას და სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანი იყო კონკრეტულ ქვეყანაში ადგილობრივი ჟურნალისტების დაქირავება, რაც ჩვენ გავაკეთეთ კიდეც", - განაცხდა მაიკლ ჰადსონმა.

როგორც ICIJ-ის ერთ-ერთი რედაქტორი ამბობს, ოფშორული კომპანიის მფლობელი მილიარდელები საიდუმლო კომპანიებით ნაშოვნ ფულს პირადი სიამოვნებისთვის იყენებენ.
"ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ უამრავი მულტიმილიონერი იყენებს ამ ოფშორულ ანგარიშებს იახტების, ძვირფასეულობისა და აპარტამენტების შესაძენად. თუმცა, ერთობ გასაოცარი იყო, როცა ბევრი მათგანი ამ ფულს ხელოვნების ნიმუშთა პირადი კოლექციის გასამდიდრებლადაც იყენებს. ჩვენ მოვიპოვეთ ასევე ვან გოგის ნამუშევრების ყიდვა-გაყიდვის შესახებ ჩანაწერები. მდიდრებს მილიონობით ვარიანტი აქვთ, სად წაიღონ თავიანთი ფული. ჩვეულებრივ ადამიანებს კი მეტი და მეტის გადახდა ან სულ უფრო ნაკლები სერვისებით ცხოვრება უწევთ საკუთარივე ქვეყანაში, რადგან მათი ქვეყნების ხაზინიდან თანხები გაედინება", - აღნიშნავს საგამოძიებო ჟურნალისტიკის საერთაშორისო კონსორციუმის ერთ-ერთი რედაქტორი.
როგორც მაიკლ ჰადსონი აღნიშნავს, აუცილებელია იმის კონტროლი თუ სად მიდის ეს თანხები და ვინ დგას ოფშორული კომპანიების სათავეში.

"დიდი ძალაუფლებისა და ბევრი ფულის მქონე ადამიანების თვალთმაქცობა, შესაძლოა, უფრო მეტი ზიანის მომტანი იყოს მათი სიმდიდრის გამო. აუცილებელია ამ ყოველივეს კონტროლი და გამჭვირვალობა, იმის ცოდნა, რა ხდება და სად მიედინება ეს თანხები და ვინ რას საქმიანობს ოფშორულ სამყაროში", - განაცხადა მაიკლ ჰადსონმა "ევრონიუსთან" საუბრისას".
საგამოძიებო ჟურანალისტთა საერთაშორისო კონსორციუმის მიერ მოპოვებულმა საიდუმლო ჩანაწერებმა ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე, კუკის კუნძულებსა და სხვა ოფშორულ ზონებში მდებარე კომპანიების მფლობელების ვინაობა გამოამჟღავნა, რომელთა შორის მსოფლიოს 170 ქვეყნის პოლიტიკოსებსა და მილიარდერებთან ერთად, დასახელდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც.

ICIJ-ის მონაცემებით, საქართველოს პრემიერი ვირჯინიის კუნძულებზე მდებარე ოფშორული კომპანია Bosherston Overseas Corp-ის მფლობელია. კონსორციუმის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ოფშორული კომპანიის მფლობელებს შორის დასახელდნენ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და მისი ოჯახი, ესპანელი ბარონესა კარმენ ტისენ-ბორნემიცა, ამერიკელი კომპოზიტორი დენის რიჩი და სხვები.

საგამოძიებო ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმის (ICIJ) ჟურნალისტები ოფშორული კომპანიების შესახებ ანგარიშს 15 თვის განმავლობაში ამზადებდნენ.
ICIJ-ის ოფიციალურ ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ გამოძიების პროცესში 120 ათას ოფშორულ კომპანიაზე 2,5 მილიონი ციფრული ფაილი გამოიკვლიეს.
ICIJ-ის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო პროექტში, სახელწოდებით "გასაყიდი საიდუმლოება: გლობალური ოფშორული ფულის ლაბირინთი" 46 ქვეყნის 86 ჟურნალისტი მონაწილეობდა. მათ გარდა პროექტში თანამშრომლობდნენ ისეთი ავტორიტეტული გამოცემების ჟურნალისტები, როგორებიც ბრიტანული "გარდიანი" და "ბი-ბი-სი", ფრანგული "ლე მონდი", გერმანული Suddeutsche Zeitung და Norddeustcher Rundfunk, ამერიკული "ვოშინგტონ პოსტი" და კანადური სამაუწყებლო კორპორაცია - CBC, ასევე მსოფლიოს 31 მედია ორგანიზაციების ჟურნალისტები.