გიგი კალანდაძე – იუსტიციის მინისტრმა არ უნდა იჭორაოს

გიგი კალანდაძე – იუსტიციის მინისტრმა არ უნდა იჭორაოს

გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსის, გიორგი კალანდაძის ინფორმაციით, შეიარაღებული ძალებიდან მისი თანამებრძოლების ტოტალური გაყრა მიმდინარეობს. ამის შესახებ კალანდაძემ გადაცემა "პოზიციაში" განაცხადა და აქვე განმარტა, რომ ყრიან ყველას, ვინც მასთან მეგობრობდა და ვისაც მასთან რაიმე სახის კონტაქტი ჰქონია.

"შეიარაღებული ძალებიდან უშვებენ ჩემს თანამებრძოლებს, რომლებთან ერთადაც ვიყავი 2008 წლის აგვისტოს ომში და რომლებსაც წლებია ვიცნობ. საერთოდ, 18 წელია ფორმა მაცვია. მიდის ტოტალური გაყრა ამ ხალხის, მათზე ზეწოლა. სამხედრო პოლიციის უფროსის მოადგილე ჩაჩიბაია, რომელიც 2002 წელს ახალგაზრდა ადამიანის წამებისთვის, რათა მას მკვლელობა ეღიარებინა, ციხეში ჩასვეს, იბარებს ჩემს თანამებრძოლებს და პირდაპირ ეუბნება, შენ გიგის მეგობარი ხარ, არ დაგინახო სასამართლოზე მისული, არ გაეკარო და არ გქონდეს კოტაქტიო", - აღნიშნა კალანდაძემ.
ამასთან, ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსანი მის მიერ ზუგდიდში მოწმეებზე გავლენის მოხდენის შესახებ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებასაც გამოეხმაურა და ის ჭორაობაში დაადანაშაულა.

"იუსტიციის მინისტრმა არ უნდა იჭორაოს, არ უნდა თქვას ის, რაც მას მოუვა ჭკუაში და რაც მას უნდა რომ იყოს. Eეს არის უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევა, ესაა ძალიან დიდი ტყუილი. მას შემდეგ, რაც ბრალი წამიყენეს, ქალაქიდან არ გავსულვარ, მცხეთაშიც კი არ ვყოფილვარ", - აღნიშნა გაერთიანებული შტაბის ყოფილმა უფროსმა.

კალანდაძემ კატეგორიულად უარყო მის წინააღმდეგ მიცემული ჩვენებების ავტორების განცხადებები და ერთ-ერთ მათგან ზვიად აბესაძეზე, რომლისთვისაც თავისუფლების უკანონო აღკვეთაც ბრალდება, ისიც კი დასძინა, რომ "ეს კაცი" საერთოდ არ ჰყავს ნანახი.

"მე ეს კაცი საერთოდ არ მყავდა ნანახი. ტყუილზეა აგებული ყველაფერი და ბრალდების მხარეს ამის შენარჩუნება უჭირს. ჩემს წინააღმდეგ მიცემული ყველა ჩვენება უღირსი ადამიანების განცხადებებია. მათ უნდათ შეიარაღებულ ძალებში დაბრუნება, რადგან ითაკილეს ქვედანაყოფში სამსახურის გაგრძელება. სხვათა შორის, ისინი დააბრუნეს კიდეც სპეცდანიშნულების რაზმში", - დასძინა კალანდაძემ.