გიგი კალანდაძე ადასტურებს, რომ ირაკლი ალასანიამ ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემა მოსთხოვა

გიგი კალანდაძე ადასტურებს, რომ ირაკლი ალასანიამ ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემა მოსთხოვა

გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი გიორგი კალანდაძე ადასტურებს, რომ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემა მოსთხოვა. როგორც კალანდაძემ გადაცემა "პოზიციაში" საუბრისას განაცხადა, ეს პირველად მის დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე მოხდა.

"ირაკლი ალასანიას ფიცი მწამს, მაგრამ ბოლო მაკვირვებს. სამწუხაროდ, ვიდრე იმ ოთახში შევიდოდით, სადაც სიურპრიზი დამახვედრეს, ირაკლი ალასანიამ პირდაპირ მითხრა "მეთანამშრომლა" გამოძიებასთან, რაზეც ასევე პირდაპირ ვუთხარი, რომ მე ვითანამშრომლებ და თუ რამე შეკითხვა გექნებათ, პასუხს გაგცემთთქო. მაშინ მისი ნათქვამი პირდაპირ გავიგე და ვერ წარმოვიდგინე, თუ რამეს მაკადრებდნენ. ეს იყო საუბარი ჩემსა და ირაკლი ალასანიას შორის იქამდე, ვიდრე იმ ოთახში შევიდოდი, სადაც ქალბატონი წულუკიანი, კბილაშვილი, რამდენიმე გამომძიებელი და ასევე სამხედრო ფორმაში ჩაცმული პოლიციის თანამშრომლები მელოდებოდნენ", - აღნიშნა კალანდაძემ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე - რამდენად ნიშნავდა ალასანიას მიერ გამოძიებასთან თანამშრომლობის წინადადება ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემას, გაერთიანებული შტაბის ყოფილმა უფროსმა განაცხადა, რომ "ეს სწორედ ამას ნიშნავდა, რის შემდეგაც მას ბრალდებულის სტატუსი მოეხსნებოდა".

მისივე განმარტებით, ახალაის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა მის გარდა ამერიკაში სამხედრო წარმომადგენელ, პოლკოვნიკ კიკაბიძესაც მოსთხოვეს. "დიახ, მე ალასანიამ მომთხოვა ახალაიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემა და არა მხოლოდ მე, ასევე პოლკოვნიკ კიკაბიძეს, რომელიც ამერიკაში სამხედრო წარმომადგენელი იყო. ჩამოიყვანეს და პირდაპირ უთხრეს, რომ თუ ჩვენთან ითანამშრომლებ, არ იქნები ბრალდებული და იქნები მოწმის სტატუსითო", - აღნიშნა გაერთიანებული შტაბის ყოფილმა უფროსმა.