ავთანდილ დემეტრაშვილს თსუ–ს რექტორობით დაჯილდოვებას უპირებენ

ავთანდილ დემეტრაშვილს თსუ–ს რექტორობით დაჯილდოვებას უპირებენ

[ნინო მიქიაშვილი]
ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ დემეტრაშვილის ახალ თანამდებობაზე გადაყვანაა დაგეგმილი – მას შემდეგ, რაც პარლამენტი მიხეილ სააკაშვილზე მორგებულ კონსტიტუციას დაამტკიცებს, მისი ერთ–ერთი მთავარი შემოქმედი, ავთანდილ დემეტრაშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის სავარძელში გადაინაცვლებს. “რა სისულელეს ლაპარაკობთ?!“ – ასეთი იყო დემეტრაშვილის პირველი რეაქცია, ჩვენს მიერ მოპოვებულ ამ ინფორმაციაზე.

თუ გსმენიათ, ან იცით თუ არა იმის შესახებ, რომ უნივერსიტეტის რექტორად თქვენი გადაყვანაა დაგეგმილი?
ავთანდილ დემეტრაშვილი: რა სისულელეს ლაპარაკობთ?! ვერ გავიგე. მასეთი რამ არც გამიგია და არც სავარაუდოა, ჯერერთი და მერე – არის მშვენიერი რექტორი, გია ხუბუა.

მაგრამ ამ “მშვენიერ“ რექტორს, ხელისუფლების მიერ მართული მედიასაშუალებები დაჭერას უწინასწარმეტყველებენ.
– ასეთი ინფორმაცია, არც გამაჩნია და არც მართებულად მიმაჩნია, ვინაიდან, სანამ არ გაირკვევა, რამდენად მართალია მას–მედიის ზოგიერთი წარმომადგენელი, რომელიც ასეთ ბრალდებას უყენებს, გია ხუბუას საკითხი არ უნდა გადაწყდეს.

აი, ასეთი პასუხები გასცა პრესა.გე–ს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ.

თუ ახლო წარსულს გადავხედავთ და გავიხსენებთ, რა უძღვოდა წინ 1996 წელს ავთანდილ დემეტრაშვილის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშვნას, “სისულელე“ სულაც არ შეიძლება იყოს დემეტრაშვილის თსუ–ს რექტორად გადაყვანა – 1992–1995 წლებში მოქმედი საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე, ედუარდ შევარდნაძე იყო, ხოლო მდივანი ავთანდილ დემეტრაშვილი. ანუ მაშინდელი კონსტიტუციის ერთ–ერთი მთავარი შემოქმედიც დემეტრაშვილი იყო; ოპონენტები მიიჩნევდნენ, რომ მაშინდელი კონსტიტუცია შევარდნაძეს მოარგეს, რომლის მიღების შემდეგ დემეტრაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ გადაიყვანით დააჯილდოვეს.

სააკაშვილზე მორგებული კონსტიტუციის დამტკიცებას პარლამენტში, რომ პრობლემები არ შეექმნება, ეს ორჯერ ორი ოთხია; ისიც დიდწილად სავარაუდოა, რომ თსუ–ს ამჟამინდელი რექტორის, გია ხუბუას წინააღმდეგ, ხელისუფლების მიერ მართული მედია–საშუალებებით ატეხილი აჟიოტაჟიც არ ჩაივლის უკვალოდ, რაც უპირველესად ხელისუფლების შიგნით არსებული დაპირისპირების კიდევ ერთი გამოვლენებაა; თს–ს რექტორს დაჭერასაც კი უწინასწარმეტყველებენ, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ “ზევით“ დაპირისპირება აქტიურ ფაზაში გადასული არ არის და ჯერჯერობით, სახელისუფლებო გუნდის მსხვილ–მსხვილი ფიგურები, ამ ეტაპზე ერთმანეთს ციხისთვის ვერ იმეტებენ, ხუბუას რექტორის სავარძელს სავარაუდოდ, მშვიდობიანად დაატოვებინებენ. და თუ ის საქართველოში დარჩება და არ წავა მაგალითად, გერმანიაში, სადაც სამეცნიერო სტაჟირებები გაიარა, ალბათ, თანაგუნდელებს მიაკითხავს, ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტში, იქ, სადაც კახა ლომაიას მინისტრობის დროს განხორციელებული განათლების რეფორმის “მამები“ მოღვაწეობენ.

თსუ–ს პროფესორ–მასწავლებლები საუბრობენ იმაზეც, რომ რექტორად პარლამენტარ გოკა გაბაშვილის კანდიდატურა განიხილება, მაგრამ იქვე იმასაც ამბობენ, რომ გაბაშვილის რექტორობა ნაკლებად სავარაუდოა. შეიძლება თავად გაბაშვილს აქვს რექტორობის სურვილი, მაგრამ სააკაშვილის კარზე მას ჯერ იმდენი არ დაუმსახურებია, რომ განათლების ამჟამინდელი მინისტრის, დიმიტრი შაშკინის ხელით “გასუფთავებულ“ გზაზე გაიაროს და რექტორის სავარძელში ჩაჯდეს. პრესა.გე ეცადა გოკა გაბაშვილთან ტელეფონით დაკავშირებას და იმის გარკვევას, არის თუ არა სრული პროფესორი და გააჩნია თუ არა რექტორობის სურვილი; ჩვენი მცდელობა, სამწუხაროდ, უშედეგო აღმოჩნდა – ის ჩვენს ზარებს ტრადიციულად არ პასუხობს.

თითქმის 5 წელია საუბრობენ იმაზეც, რომ თსუ–ს რექტორობას გიგი თევზაძე უმიზნებს, რომელიც ახლა ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორია. თევზაძეს თსუ–ს რექტორობის სურვილი ღიად არ გამოუხატავს. ისე, “თავისუფლების ინსტიტუტის“ შესუსტებული გავლენის ფონზე, თევზაძის თსუ–ს რექტორობა ნაკლებ სავარაუდოა. ეს მოსაზრება უფრო მყარდება, თუ გავიხსენებთ როგორი ეპითეტებით შეამკო მიხეილ სააკაშვილმა განათლების რეფორმის ავტორები, მიმდინარე წლის იანვარში, ბათუმის მესამე საჯარო სკოლაში სტუმრობისას – რეფორმატორებს სულ “უმეცრები“ ეძახა და მათთან დაპირისპირება ფაქტიურად, შაშკინის ხელით დაიწყო.

ახლა თსუ–ში განათლების სამინისტროს გენერალური ინსპექციაა შესული, რომელიც მუშაობას 27 აგვისტოს დაასრულებს. ცნობილია რომ მათ დარღვევები აღმოაჩინეს, რაც მთავარ პროკურატურაშია გადაგზავნილი და რაზეც 6 აგვისტოს განათლების სამინისტრომ, ასეთი შინაარსის ინფორმაცია გაავრცელა – “განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა შემოწმება ჩაატარა და დაადგინა, რომ 2007-2009 წლებში სამინისტროს აპარატში და მის სისტემაში შემავალ დაწესებულებებში წარმოქმნილია დებეტორულ-კრედიტორული დავალიანებები. სავარაუდოდ, აღნიშნული დავალიანებების წარმოქმნა არამართლზომიერი გარემოებებითაა განპირობებული. საკითხის სამართლებრივი შეფასების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ოფიციალური თხოვნის საფუძველზე, სამინისტროში შემოსულია მთავარი პროკურატურა, რომელიც თემატურ შემოწმებას აწარმოებს“.

ჩვენი ინფორმაციით, ხუბუამ დასახმარებლად და პოზიციების გასამყარებლად 12–კაციან აკადემიურ საბჭოს მოუხმო, რომელთა უმეტესობა ქალაქგარეთ გასული იყო. ამჟამინდელი რექტორი იძულებულია ბრალდებებს ხმამაღლა უპასუხოს. მან, ისევე, როგორც ჩვენ, შესანიშნავად იცის, რომ ცენტრალური ტელეარხებით და ხელისუფლების მარწუხებში მოქცეული სხვა მედიასაშუალებებიდან ბრალდებები შემთხვევით არ ისმის ხოლმე.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი – დემეტრაშვილი მედიასაშუალებებთან საუბრისას ხუბუას თუ “მშვენიერ“ რექტორს უწოდებს, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრები ამჟამინდელ რექტორს საჯაროდ უპირისპირდებიან; ამ კუთხით განსაკუთრებით აქტიურობს კონსტიტუციის სპეციალისტი, თსუ–ს პროფესორი ნანა ჭიღლაძე.

სხვათა შორის, კონსტიტუციის საჯარო განხილვის პროცესის დასრულება და თსუ–ში შესული მაკონტროლებელი ორგანოს მუშაობის დასრულებაც საეჭვოდ ემთხვევა ერთმანეთს – 21 აგვისტოს კონსტიტუციის პროექტის საჯარო განხილვა სრულდება, ხოლო 27 აგვისტოს თსუ–ში შაშკინის შეგზავნილი გენერალური ინსპექცია დაასრულებს მუშაობას.

ხუბუა ახლა თსუ–ში სააკაშვილს ეპატიჟება – მობრძანდით, საუნივერსიტეტო საზოგადოებას შეხვდით და დარწმუნდებით, რომ საქმე ისე არ არის, როგორადაც ცდილობენ წარმოაჩინონო.

ხუბუას წინააღმდეგ სასამართლოებში, როგორც ეროვნულ ინსტანციებში, ისე ევროსასამართლოში, სარჩელებია შესული, რაც ძირითადად უკავშირდება ჩატარებულ კონკურსებს, აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად. უნივერსიტეტის აწ უკვე ყოფილი პროფესორ–მასწავლებლები კონკურსის კანონიერად ჩატარებას ეჭვქვეშ აყენებენ, მაგრამ ახლა საჯაროდ საუბარს გაჩუმებას ამჯობინებენ – “ჩვენი მხრიდან ამგვარ ვითარებაში ხმამაღალი განცხადებების გაკეთებით, ჩვენივე ღირსებასთან მოვალთ წინააღმდეგობაში და ამიტომ, კომენტარებისგან თავს შევიკავებთო“.

კიდევ ერთი დეტალი ახლო წარსულიდან – უნივერსიტეტის პროფტექნიკურ სასწავლებლად გადაკეთება რუსუდან ლორთქიფანიძის რექტორობის დროს დაიწყო და ეს პროცესი პიკამდე ხუბუას რექტორობისას მივიდა. ეს უკანასკნელი რექტორად ახალი დანიშნული იყო, როცა თსუ–დან გამოძევებული პროფესორ–მასწავლებლები საჯაროდ აცხადებდნენ – “ის, რაც ვერ იკადრა ლორთქიფანიძემ, ხუბუამ ხუთიანზე შეასრულაო“. როგორც ჩანს, ხუბუამ თავისი მისია ამოწურა და ახლა მიწასთან გასწორებულ უნივერსიტეტში ახალი ხანა იწყება.