იუსტიციის მინისტრის ბრძანებით კერძო სამართლის სფეროზე მომუშავე ჯგუფი შეიქმნება

იუსტიციის მინისტრის ბრძანებით კერძო სამართლის სფეროზე მომუშავე ჯგუფი შეიქმნება

იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, კერძო სამართლის სფეროზე მომუშავე ჯგუფი შეიქმნება, - ამის შესახებ თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" განუცხადა , სადაც არბიტრაჟის განვითარების საკითხზე გამართულ კონფერენციას დაესწრო. 

როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, მართლმსაჯულების რეფორმის ფარგლებში მნიშვნელოვანი როლი ეკისრება არბიტრაჟს.

"ეს ბიზნესის განვითარებისა და ბიზნესმენების ცივილიზებული ურთიერთობებისთვის აუცილებელია. არბიტრაჟის ინსტიტუტების რეფორმა საქართველოში უმნიშვნელოვანესია და იუსტიციის სამინისტრო მზად არის, წაიყვანოს საკანონმდებლო რეფორმის პროცესი ყველა დაინტერესებული ორგანიზმის ჩართულობით – იქნება ეს ბიზნესმენთა ასოციაცია, სავაჭრო პალატა თუ სხვა. ვგეგმავ, ამ კვირაში ჩემი ბრძანებით შევქმნა მინისტრთან არსებული კერძო სამართლის სფეროზე მომუშავე ჯგუფი და ვიწვევ ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის არბიტრაჟის რეფორმაზე, იმუშაოს ჩვენთან ერთად, რათა პარლამენტის წინაშე წარვდგეთ ყველანი ერთიანი, შეჯერებული და ქვეყნისთვის სასიკეთო პოზიციით", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

საქართველოში არბიტრაჟის განვითარების საკითხებსა და პერსპექტივებზე კონფერენცია ევროპის საარბიტრაჟო პალატისა და საქართველოს ბიზნეს ასოციაცის ორგანიზებით გაიმართა.
როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ განაცხადა, არბიტრაჟის გზით დავების გადაწყვეტის პრაქტიკა მსოფლიოს მასშტაბით ფართოდ გავრცელებულია.
"არბიტრაჟით დავების გადაწყვეტა მხარეებს თავიდან აცილებს ფორმალურ სასამართლო პროცედურებს, ბიზნესურთიერთობის გაწყვეტასა და კონფლიქტს და ხელს უწყობს დავის მოწესრიგებას ორმხრივად მისაღები გზით", - განაცხადა გიორგი ჭირაქაძემ.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ევროპის საარბიტრაჟო პალატის ტრიბუნალის თავმჯდომარე იოჰან ბიემ, ევროპის საარბიტრაჟო პალატის პრეზიდენტმა გენადი პამპუხამ, ასევე საქართველოს პარლამენტის წევრებმა და ბიზნესმენებმა.