თბილისის საკრებულოში თვითმმართველობის რეფორმის დროებითი კომისია შეიქმნა

თბილისის საკრებულოში თვითმმართველობის რეფორმის დროებითი კომისია შეიქმნა

თბილისის საკრებულოში ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის დროებითი კომისია შეიქმნა. 

კომისიის შექმნის გადაწყვეტილება დღეს საკრებულოს წევრებმა სხდომაზე მიიღეს. კომისიის თავმჯდომარედ საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი "მემარჯვენეებიდან" მამუკა კაციტაძე დაამტკიცეს. კომისიის შემადგენლობაში 8 დეპუტატი შევიდა. ოთხი საკრებულოს უმრავლესობიდან და ოთხი ოპოზიციიდან. ასევე, დამტკიცდა კომისიის სამოქმედო დებულება. დროებითი კომისიის მოქმედების ვადა წლის ბოლომდეგ განისაზღვრა.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას მამუკა კაციტაძემ განაცხადა, თვითმმართველობის რეფორმირების საკითხებზე საკრებულოში კომიისიის შექმნის ინიციატივით საკრებულოს 3 თვის წინ მიმართა, როდესაც იგი საკრებულოს დეპუტატი გახდა. მან საკრებულოში დავით საგანელიძე შეცვალა.

კაციტაძის განმარტებით, ქვეყანაში თვითმმართველობის რეფორმის პროცესი დაწყებულია და საჭიროა საკანონმდებლო ორგანოს თბილისის საკრებულომაც მიაწოდოს საკუთარი ინიციატივები. ეს ინიციატივები შეიძლება შეეხებოდეს დედაქალაქის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულად დაყოფის, ფინანსური და ქონებრივი დეცენტრალიზაციის, არჩევნების თემას და სხვა საკითხებს.
კაციტაძე დედაქალაქის მერისთვის უფლებამოსილების შეზღუდვის საკითხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მერის უფლებამოსილების განსაზღვრის თემა საკრებულოს ფუნქციებს სცდება. ამას "დედაქალაქის შესახებ კანონი" არეგულირებს, რომლის დამტკიცება პარლამენტის პრეროგატივაა. მისი თმით, ახლად შექმნილი კომისია თვითმმართველობაში არსებულ სამართლებრივ ვაკუუმს დაარეგულირებს.