პოლიციელის შეურაცხყოფისთვის მელორ ვაჩნაძე 400 ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გათავისუფლდა

პოლიციელის შეურაცხყოფისთვის მელორ ვაჩნაძე 400 ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გათავისუფლდა

გურჯაანის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მელორ ვაჩნაძეს 400-ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა და სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" უზენაეს სასამართლოში განუცხადეს, ჯარიმის გადახდის ვადად 7 დღე განისაზღვრა. საქმე გურჯაანის სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ განიხილა.

პოლიტპატიმრის სტატუსით პატიმრობიდან გათავისუფლებულმა მელორ ვაჩნაძემ კახეთში სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა, ლაგოდეხის რაიონში საგზაო წესების დარღვევისთვის, კერძოდ, კი ღერძულა ხაზის არასწორი გადაკვეთისთვის "მერსედესის" მარკის ავტომანქანა გააჩერეს, რომელსაც მელორ ვაჩნაძე მართავდა.

გიორგობიანის ინფორმაციით, საჯარიმო ოქმის შევსების დროს მელორ ვაჩნაძემ სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და პოლიციას არ დაემორჩილა, რისთვისაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის თანახმად დააკავეს.