მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტს პროკურატურაში კითხავენ

მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტს პროკურატურაში კითხავენ

მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტ ერეკლე გურჩიანს მთავარ პროკურატურაში კითხავენ. წინასწარი ინფორმაციით, გამოძიება 2010 წელს მკლავჭიდის ფედერაციაში ჩატარებული არჩევნების საქმით დაინტერესდა. 

დეპუტატი, სოსო ჯაჭვლიანი, რომელიც ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტია, აცხადებს, რომ 2010 წელს არჩევნები გაყალბდა და ერეკლე გურჩიანმა სპორტის დეპარტამენტის ხელშეწყობით თაღლითობა ჩაიდინა.

ამ ბრალდებას არ იზიარებენ ფედერაციის წევრები და მოქმედი სპორტსმენები, რომლებიც პროკურატურასთან გურჩიანის დაკითხვაზე დაბარებას აპროტესტებენ.

ეროვნული ნაკრების წევრის, გენადი კვიკვინიას თქმით, პოლიტიკაში წასვლის შემდეგ ჯაჭვლიანი სპორტის ამ სახეობის პოლიტიზირებას და ფედერაციაზე გავლენის მოპოვებას ცდილობს. "ჩვენ არ ვართ პოლიტიკოსები ჩვენ ერთადერთი რამ გვსურს, მოვემზადოთ შეჯიბრებებისთვის", - აღნიშნა კვიკვინიამ. პროკურატურასთან მყოფმა მისმა თანაგუნდელმა გიორგი ტელაშვილმა კი სოსო ჯაჭვლიანს მოუწოდა თავი დაანებოს ფედერაციას, სპორტსმენებს, მთლიანად მკლავჭიდს და ნუ ცდილობს ფედერაციის პრეზიდენტის შეშინებას.

სპორტსმენები პროკურატურასთან ამ დრომდე რჩებიან. ფედერაციის პრეზიდენტის დაკითხვასთან დაკავშირებით პროკურატურას ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია.