ბორის აკუნინი - აღმოსავლეთი და დასავლეთი

ბორის აკუნინი - აღმოსავლეთი და დასავლეთი

თარგმანი რუსულიდან - ფატმან წერეთელი

I თავი

მთიდან ჰაჯი მურატოვი ცოტა ხნით საომრად დაეშვა. მის მურიდებს უკვე მობეზრებოდათ ბნელი ხეობებისთვის თავი შეფარება, ამას გარდა შური უნდა ეძიათ მოღალატეებზე დიდი იმამის სიკვდილისთვის, რომელიც ვერაგულად მოკლეს ციდან ჩამოვარდნილი რაკეტით.

გზატკეცილს სატვირთო მანქანებით მოუყვებოდნენ. ალაგ-ალაგ საგუშაგოები ხვდებოდათ, მაგრამ მადლობა ალაჰს, რომ რუსები ბაკშიშს დახარბებული ხალხია, ვერცხლი კი მურატოვს უხვად ჰქონდა. ის უკვე ფიქრობდა, რომ შეძლებდა გაშლილ ველამდე მიღწევას, სადაც გიუარების მთავარი ქალაქი იყო, რომელიც, თუ ტელევიზორს ვენდობით, ფერად-ფერადი ალებით ბრწყინავდა და საერთოდ არ იცოდა, თუ რა იყო ომი. მაგრამ განთიადისას, იმ დიდი დაბის შესასვლელში, რომლის სახელი ნაიბმა ვერ დაიმახსოვრა, იღბალმა ზურგი აქცია. დაბისთვის სამწუხაროდ, კორდონის უფროსი ძალიან პატიოსანი, ან ძალიან სულელი აღმოჩნდა. მან ფული არ აიღო და სროლა დაიწყო.

მებრძოლებმა ჯიუტი ოფიცერი და მისი ხალხი მოკლეს, მაგრამ ამის შემდეგ გზის გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. მეომრები მძინარე ქუჩებში გაიფანტნენ, თან ფანჯრებს დასაშინებლად ესროდნენ. ყველა მხრიდან ჯარისკაცები და კაზაკები გროვდებოდნენ.
დაე აქ, გადაწყვიტა ჰაჯიმ, ეს ადგილი არაფრით ჩამოუვარდება სხვას. მხოლოდ ის ინანა, რომ არ დაიმახსოვრა იმ დაბის სახელი, სადაც ალაჰთან შეხვედრა ეწერა.
დაბის შუაგულში თეთრი, დიდი, სქელკედლებიანი, მაღალი გალავნით გარშემორტყმული სახლი იდგა. ასეთ შენობაში მტერი შეიძლება დიდხანს მოეგერიებინათ.

მურატოვის მეომრები ვესტიბულში შეცვივდნენ, ფანჯრებთან განლაგდნენ, ავტომატების ლულები გარეთ გაყვეს და სროლა ატეხეს. თუმცა გიუარებმა სროლზე არ უპასუხეს, ქუჩებში კი უფრო და უფრო მეტი ჯავშანტრანსპორტიორი ჩნდებოდა, ხოლო ცაში სამხედრო ვერტმფრენები გუგუნებდნენ.
შემდეგ ნაიბთან ყურბანი მივიდა და უთხრა:
_ ცუდია, ჰაჯი. ისინი არ გვესვრიან, რადგან ეს საავადმყოფოა.

II თავი

გაიგო რა, რომ ჩეჩენმა აბრეკებმა საავადმყოფო დაიპყრეს, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე იყო, პრემიერ-მინისტრი ვიქტორ სტეპანოვიჩ ლორის-მელიკოვი ხატებისკენ შებრუნდა და პირჯვარი გადაიწერა. დადგა დრო, რომელსაც ის შიშით მოელოდა იმ დღიდან, რაც ხალხის სამსახურში ჩადგომა გადაწყვიტა. მან იცოდა, რომ ადრე თუ გვიან ბედი მას არჩევანის წინ დააყენებდა, რომელიც, სინამდვილეში, არჩევანი არც იყო. ვიქტორ სტეპანოვიჩი მუდამ ამბობდა, რომ ადამიანი, რომელიც ხალხს მიუძღვნის თავის სიცოცხლეს, თავის თავს აღარ ეკუთვნის. ახლა დამდგარიყო დრო, როცა ეს სიტყვები საქმით უნდა დაემტკიცებინა.

_ თვითმფრინავი მომიმზადეთ, _ უთხრა მან თანაშემწეს, _ მივფრინავ.
თანაშემწემ შეახსენა:
_ არიადნა არკადიევნამ გთხოვათ, რომ მისთვის დაგერეკათ.
_ კარგი, კარგი, შემდეგ, _ თავი დაუქნია ლორის-მელიკოვმა და გულში დაიფიცა, რომ ცოლზე ჯერ არ იფიქრებდა _ ახლა უდრეკი სიმტკიცე იყო საჭირო.


III თავი

მურიდები მოკრძალებით უცქერდნენ ჰაჯის, რომელსაც მუხლი მოეყარა კედლის გაზეთის წინ სახელწოდებით `ჩვენი საზრუნავია მშრომელების ჯანმრთელობა~ და ყოვლისშემოქმედს ევედრებოდა.
_ ჩამაგონე, მასწავლე, _ ჩურჩულებდა ცივი ლინელიუმისთვის თავმიბჯენილი მურატოვი. _ როგორ მოვიქცე? არ შეიძლება, რომ უდანაშაულოები დაზარალდნენ.
საავადმყოფოს ყველა მხრიდან ალყა შემოარტყეს. მურადები შეეცადნენ სამსახურეობრივი გასასვლელიდან რამდენიმე მშობიარე მაინც გეაყვანათ, მაგრამ კარი ოდნავ გააღეს თუ არა, მოედნიდან იმ წუთასვე ტყვიები დააყარეს მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევიდან _ მოკლეს ერთი ქალი, ორი კი დაჭრეს.
როგორ გაეყვანათ ავადმყოფები და ექიმები, რომ ფეხებში არ მოდებოდნენ და ბრძოლაში ხელი არ შეეშალათ? წინასწარმეტყველს ხომ უთქვამს: `ნუ ემტერები მცირეწლოვანთა და სუსტთა.~
ალაჰი არ პასუხობდა. ეტყობა, თავადაც არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო.


IV თავი

`მინვოდის~ აეროპორტი უკან მოიტოვეს. მინისტრის კორტეჟი გიჟური სისწრაფით მიქროდა მტვრიანი სტანიცების გვერდით.
ლორის-მელკოვი კიდევ ერთხელ, თუმცა სრულიად უიმედოდ, დაფიქრდა: იქნებ არსებობდეს სხვა გამოსავალი?
არა, სხვა გამოსავალი არ იყო.

რა თქმა უნდა, არამზადებთან დათმობაზე წასვლა დაუშვებელი იყო. საკმარისია ერთი დათმობაც, რომ გატაცებებისა და მძევლების დაპყრობის მთელი ბაკქანალია დაიწყოს. ყოველი დღეს გამოსყიდული სიცოცხლე ხვალ ან ზეგ ასობით და ათასობით მოკლულის სისხლში განიბანება. არამც და არამც, ათი თავით მართლები არიან ისრაელელები: არანაირი დათმობა, არანაირი შეთანხმება, არანაირი ვაჭრობა. სჯობს ერთხელ სისხლის ფასად გადარჩე, ვიდრე გამუდმებით იხადო. ის, ლორის-მელიკოვი, ღმერთისა და ხალხის მიერ მინიჭებული ძალაუფლებით მთელ პასუხისმგებლობას თავის თავზე იღებს.

ისარგებლა რა იმით, რომ ადიუტანტმა ჩათვლიმა, პრემიერ-მინისტრმა პერანგის შიგნიდან მალულად ამოიღო ოქროს მედალიონი და მასში ჩადებულ ქალის სურათს ეამბორა.
_ მაპატიე, ჩემო საუნჯევ, და ნუ განმსჯი. _ პოლკოვნიკო, _ ვიქტორ სტეპანოვიჩმა ფრთხილად დაჰკრა ადიუტანტს მხარზე,M_ გაიღვიძეთ, ალოიზ ქრისტოფოროვიჩ. მურატოვთან დამაკავშირეთ, გეთაყვა.


V თავი

მთავარი ექიმის კაბინეტში ტელეფონი, რომელსაც სიცოცხლის ნიშანწყალი უკვე მრავალი საათის მანძილზე არ ეტყობოდა, უცებ აფრთხიალდა. ყურბანმა მოახსენა, რომ ნაიბთან საუბარი გიაურების ყველაზე მთავარ უფროსს ლორის-მელნიკოვს, ჩეჩენი ხალხის სასტიკ მტერს, სურდა.

ჰაჯიმ ყურმილი გულდამძიმებულმა აიღო. იცოდა, თუ რას მოისმენდა. მინისტრი ეტყოდა: დაგვნებდი, მურატოვ, და მაშინ მე უდანაშაულოების გამოშვების ნებას მოგცემ. თუ არა და, შენი სახელი საუკუნოდ ნამუსახდილი, ხოლო შენი ღირსება სამუდამოდ ლაფდასხმული იქნება.
_ მე ვარ, _ მოკლედ თქვა ჰაჯიმ მიკროფონში და თვალები დახუჭა, ჯერ ვერ გადაეწყვიტა, თუ რას უპასუხებდა. დასანანია, რომ ალაჰმა თავისი უსაზღვრო სიბრძნით თვითმკვლელობა აკრძალა.
_ ჰაჯი მურატოვ, გესმით ჩემი? _ გაისმა ნაიბისთვის ტელევიზორიდან ნაცნობი ხმა.
_ დიახ._ ჰაჯი მურატოვ, თქვენ ბრძანდებით? _ ჰკითხა ვიქტორ სტეპანოვიჩმა, დაეჭვდა რა, ამ მოკლედ მოპასუხე ადამიანმა რუსული საკმარისად კარგად იცოდა თუ არა. _ მე თქვენთან მოლაპარაკებას მანამ არ ვაწარმოებ, სანამ ყველა ავადმყოფს და მთელ სამედიცინო პერსონალს არ გაათავისუფლებთ. გესმით ჩემი?
დუმილი.
_ ყველა ამ ადამიანის ნაცვლად მძევლად ჩემ თავს გთავაზობთ, _ უთხრა ლორის-მელიკოვმა, თან გამოკვეთილად წარმოთქვამდა ყოველ სიტყვას.
უცებ გაახსენდა, რომ არც ისე დიდი ხნის წინ ერთ-ერთი პოლიტიკოსი წინასააარჩევნო აგიტაციის დროს უკვე სთავაზობდა თავის თავს მძევლად ყველა კავკასიელი ტყვის სანაცვლოდ, ამიტომ სწრაფად დასძინა:

_ ეს დემაგოგია არ არის, მურატოვ. მე თქვენთან მოვალ, თქვენ გახსნით კარს და ყველას გაუშვებთ. 900 სამოქალაქო პირის სანაცვლოდ თქვენ რუსეთის პრემიერ-მინისტრი გეყოლებათ. სარფიანი გარიგებაა, დათანხმდით. მაშინ მე მოვისმენ თქვენს ყველა მოთხოვნას.

დაბეჭდილ კონვერტში ჯერ კიდევ თვითფრინავში შედგენილი ბრძანება იდო: საავადმყოფოდან უკანასკნელი მძევლის გამოსვლიდან 10 წუთის შემდეგ შენობაზე იერიში ჯერ დაბომბვით უნდა მიეტანათ, ხოლო შემდეგ შეტევაზე უნდა გადასულიყვნენ. ნანგრევებში დაიღუპებოდნენ დამნაშავები, მათთან ერთად კი ვიქტორ სტეპანოვიჩ ლორის-მელიკოვი, მაგრამ ამის შემდეგ ვერც ერთი ტერორისტი ვეღარ გაბედავდა რუსი ქვეშევრდომების მძევლად აყვანას. ვერასდროს..
ჰაჯიმ იფიქრა: აი ისიც _ ალაჰის მოვლენილი სასწაული. ღირსება გადარჩენილია, დანებება არ მოუწევთ. კიდევ იბრძოლებენ. ესეც იფიქრა: თეთრი მეფის ყველა მინისტრი ამას რომ ჰგავდეს, შესაძლებელია არც დამოუკიდებლობა მონდომებოდათ. პასუხად კი უთხრა:

_ ისლამის მეომრები ქალებისა და სუსტების უკან არ იმალებიან. შეაჩერე შენი ტურები _ არ ისროლონ. ნურც შენ მოხვალ. რაში მჭირდები?


VI თავი

ჭიშკრიდან ბოლო მთავარი ექიმი გამოვიდა _ ეს 18.07 მოხდა. ის ცოტა ხნით შეჩერდა, საავადმყოფოს კორპუსისკენ შებრუნდა, თითქოს მასთან გამომშვიდობება უნდოდა და სირბილით გადაჭრა ცარიელი მოედანი.
18.30 საათზე ატყდა სროლა, შემდეგ დაბომბვა. ბრძოლა კიდევ დიდხანს გაგრძელდა _ ჯერ პირველ სართულზე იბრძოდნენ, შემდეგ მეორეზე, მესამეზე, მეოთხესა და საბოლოოდ, სახურავზე.
უკვე შუა ღამე იყო, როცა გიმნაზიის სააქტო დარბაზში, სადაც დროებითი შტაბი განლაგებულიყო, შემოვიდა მაზრის უფროსი და თავის დაკვრით ლორის-მელიკოვის წინ მაგიდაზე ჰაჯი მურატოვის მოჭრილი თავი დადო.
_ თქვენო ბრწყინვალებავ, ცოცხალი ვერავინ ავიყვანეთ, _ ხელები გაშალა გენერალმა.
აბრეკის თავი თმაგადაპარსული, სახე ხშირი, შავი წვერით დაფარული იყო. გაღებული თვალები ცისფერი აღმოჩნდა. ისინი მრისხანედ გამჭოლ უცქერდნენ პრემიერ-მინისტრს, თუმცა მკვდარს სახეზე მშვიდი და, შეიძლება ითქვას, უშფოთველი გამომეტყველება ჰქონდა.
"East is East, West is West" ნაღვლიანად გაიფიქრა ვიქტორ სტეპანოვიჩმა, რომელიც მეორე დაბადებამ პოეტურად განაწყო. როგორც ჩანს, მთების ამ ველური შვილების თავისუფლად გაშვება მოუწევთ. დაე იცხოვრონ ისე, როგორც სურთ. ძალით მოწყალე ვერ იქნები.