ჯონ ლენონის კბილი გაიყიდა

ჯონ ლენონის კბილი გაიყიდა

ორი დღის წინ კომპანია “Omega Auctions”-მა ჯგუფი “The Beatles”-ის ლეგენდარული წევრის ჯონ ლენონის კბილი გასაყიდად გამოიტანა.

 

აუქციონის ორგანიზატორების ჩანაფიქრით ეს ძვირფასი რარიტეტი რამდენიმე ასეულ ათას ფუნტ სტერლინგად გაიყიდებოდა. მისი საწყისი ფასი ათი ათასი ფუნტი სტერლინგი გახლდათ.

 

ამ უჩვეულო კბილის მფლობელი კანადელი დანტისტი მაიკლ ზუკი გახდა. მან ამ “ნივთის” შეძენაში 19.5 ათასი ფუნტი სტერლინგი (22.6 ათასი ევრო) გადაიხადა.

 

კანადელის ინფორმაციით, ძვირფას შენაძენს საკუთარ სტომატოლოგიურ კაბინეტში საპატიო ადგილს მიუჩენს.

 

საინტერესოა, რომ აუქციონამდე ამ უჩვეულო რარიტეტის მფლობელი, ვინმე დოტ ჯარლეტის ოჯახი იყო.  ქალბატონი დოტის ბებია თავის დროზე ლენონის სახლში შინამოსამსახურედ მუშაობდა. იმ ხანად დოტი ახალგაზრდა ქალიშვილი გახლდათ და რასაკვირველია “The Beatles”-სა და პირადად ჯონ ლენონის დიდი თაყვანისმცემელი ბრძანდებოდა.

 

ერთ ჩვეულებრივ დღეს ლენონმა დოტის ბებიას რამდენიმე წუთის წინ ამოღებული კბილი საჩუქრად გადასცა. ქალმა კბილი თავის მხრივ შვილიშვილს უსახსოვრა. რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ეს უნიკალური სუვენირი ჯარლეტების ოჯახში დიდი მონდომებით ინახებოდა. მსოფლიოში ამჟამად ფინანსური კრიზისი მძვინვარებს და ჯარლეტებმა კბილის აუქციონზე გატანით საკუთარი ეკონომიური მდგომარეობის გამოსწორება მოისურვეს.