მიხეილ სააკაშვილი – პატარკაციშვილი ივანიშვილისთვის იყო მთავარი პრობლემა

მიხეილ სააკაშვილი – პატარკაციშვილი ივანიშვილისთვის იყო მთავარი პრობლემა

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის აზრით, ის და ბიძინა ივანიშვილი "ძალიან განსხვავებული ადამიანები" არიან. "ჩვენ ვართ ძალიან განსხვავებული ადამიანები. ის არის ადამიანი , ვისთვისაც ფული არის ყველაფერი, ჩემთვის ფული არაა არაფერი, მართლა, თუ დამიჯერებთ ეგრეა, არ მაინტერესებს. მიმაჩნია, რომ მასაც უყვარს თავისებურად საქართველო. მისი წარმოდგენით ეს ერთი რაღაცაა, მეც ასევე, მე მგონი, ყველა ხვდება, რომ ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა. ჩემსა და ივანიშვილს შორის არის მთავარი იდეოლოგიური დავა. მე არ მჯერა რომ უფასოდ ვინმე გაჭმევს, რომ კეთილი ბიძები არსებობენ, რომლებიც საკუთარი ჯიბით ჩვენს შვილიშვილებს და შვილებს შეინახავენ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან საუბარში.

მისივე თქმით, ის ბიძინა ივანიშვილს გასული წლების განმავლობაში მხოლოდ სამჯერ შეხვდა, მათ შორის ყოველგვარი ურთიერთობა კი ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ შეწყდა.
"მე არანაირი პირადი კონფლიქტი მასთან არ მქონია. თუ არ ვცდები სამჯერ ვარ შეხვედრილი. ის არასდროს არავის ხვდებოდა და ამიტომ სამიც ბევრი იყო. მან შეწყვიტა ჩემთან ყველანაირი საუბრები ბადრი პატარკაციშვილის სიკვდილის შემდეგ. ბადრი პატარკაციშვილი იყო მისთვის მთავარი პრობლემა, სანამ ცოცხალი იყო – სულ იყო ოლიგარქიული შეჯიბრი მათ შორის, ამიტომ ხშირად საუბრობდა პატარკაციშვილზე", - აღნიშნა სააკაშვილმა, რომლის თქმითაც, პირადად მან ივანიშვილს ორჯერ სთხოვა ფული ბათუმის უნივერსიტეტის მშენებლობისთვის.

გარდა ამისა, ქვეყნის პირველმა პირმა მისი დაცვის სამსახურზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახლა მხოლოდ მთავრობის მიერ მიმაგრებული რამდენიმე მანქანა დაყვება.
"სახელმწიფო აპარატის ფუნქციონირება ყველა ქვეყანაში ჯდება ფული, მათ შორის პრეზიდენტის აპარატის შენახვა.Mმე თავიდან, გახსოვთ, რომ ეკონომკლასით ვაპირენდი ფრენას და მეტროთი სიარულს, მაგრამ ესაა დაკავშირებული ბევრ უხერხულობასთან – სადმე რომ ჩაფრინდები, იქ უნდა დაგხვდეს ესკორტი, საპატიო ყარაული, გარშემო ხალხი დაგყვება. ასე რომ, ძალიან მინდოდა გამოსულიყო, მაგრამ არ გამოვიდა. ახლა დამყვება რამდენიმე მანქანა, რომელიც მომაგრებულია მთავრობის მიერ. არ მინდა ეს მანქანები რომ დამყვებოდეს,Mმაგრამ მე აღარ მემორჩილებიან", - აღნიშნა პრეზიდენტმა.