პარლამენტმა

პარლამენტმა "საერთო სასამართლოების შესახებ" საკანონმდებლო პაკეტი მეორე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა მეორე მოსმენით "საერთო სასამართლოების შესახებ" საკანონმდებლო პაკეტი მიიღო. პროექტს მხარი 88 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კანონმდებელი 2 წავიდა.

უმცირესობამ პროექტის მხარდაჭერაზე უარი თქვა. როგორც უმცირესობის წევრები აცხადებენ, ამ პროექტით მმართველი გუნდი სასამართლო ხელისუფლებაზე პოლიტიკური გავლენის მოპოვებას ცდილობს.

კენჭისყრის დროს გარკვეული უთანხმოება ამ კანონპროექტის ორ მუხლთან დაკავშირებით თავად უმრავლესობას შორისაც იყო. კერძოდ, უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე, ერთ-ერთი ლიდერი ეკა ბესელია და კობა დავითაშვილი მოითხოვდნენ, რომ პროექტიდან ორი მუხლისთვის ცალკე ეყარათ კენჭი. ბესელიას განმარტებით, ერთი მუხლი პალატის და კოლეგიის ხელმძღვანელებს საშუალებს აძლევს, რომ ისევ იყვნენ არჩეული იუსტიციის საბჭოს წევრებად და სამი ადამიანის არჩევა ხდება ამ კვოტით. ხოლო მეორე მუხლი ეხება იმას, რომ ამჟამინდელ წევრებს აძლევს საშუალებას, რომ საბჭოს დაკომპლექტებისას საკუთარი კანდიდატურა კვლავ დააყენონ.

დავით საგანელიძის მხრიდან კანონპროექტის შესაძლო ჩაგდებაზეც გაკეთდა განცხადება, ხოლო კობა დავითაშვილის მხრიდან სარეიტინგო კენჭისყრის იდეამაც გაიჟღერა. საბოლოოდ, ტექნიკური შესვენება გამოცხადდა, სადაც უმრავლესობას შორის სხდომათა დარბაზში მოხდა კონსულტაცია.

როგორც დავით საგანელიძემ განაცხადა, ამ კონსულტაციისა და პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციის შემდეგ, როგორც ამ კანონპროექტის წარმომდგენ მთავრობის თავმჯდომარესთან, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ კანონპროექტს კენჭი წარმოდგენილი სახით, ანუ სრულად ეყაროს.

იუსტიციის სამინისტროს ავტორობითა და მთავრობის ინიციატივით წარდგენილი პაკეტი დეპუტატებმა პირველი მოსმენით გასული წლის დეკემბერში მიიღეს. ამ დრომდე კი, მმართველი გუნდი ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ელოდებოდა.

პირვანდელ ვარიანტში გარკვეული ცვლილებები აისახა, თუმცა, უცვლელი რჩება საკანონმდებლო პაკეტის მთავარი მიზანი, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეორგანიზაციას და საბჭოსა და სადისციპლინო კოლეგიის ფორმირების წესის შეცვლას ითვალისწინებს.

პროექტის მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ექვს არამოსამართლე წევრს პარლამენტი საზოგადოების წამომადგენლებისგან აირჩევს. საბჭოს მოსამართლე წევრებისა და მდივნის არჩევას კი, მოსამართლეთა კონფერენცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინების გარეშე უზრუნველყოფს. პროექტის გათვალისწინებით, კანდიდატურის დასახელება მოსამართლეთა კონფერენციაზე დამსწრე ნებისმიერ მოსამართლეს შეუძლია.

ამავე პაკეტით სიახლეა ისიც, რომ კონფერენციის მიერ არჩეული წევრი არ შეიძლება იყოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის წევრი, რომელიმე სასამართლოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე ან მოადგილე, თუ ბოლო ორი თანამდებობა მას კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარეობის გამო არ უკავია. თვით კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარეების რაოდენობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სამი წევრით შემოიფარგლება.

გარდა ამისა, მესამე მოსმენით საბოლოოდ დამტკიცდა დეპუტატ ბიძინა გუჯაბიძის საკანონმდებლო პროექტი, რომელიც ეროვნულ სამოსს უკავშირედება. შესაბამისად, რეგლამენტში ჩაიწერა, რომ სხდომათა დარბაზში მყოფ პირთა ჩაცმულობა უნდა იყოს საპროტოკოლო-საქმიანი ან ეროვნული.