ბერნარდ შოუს კომედიის “პიგმალიონის” პირველ ეკრანიზაციას ინგლისში არაჩვეულებრივი წარმატება ხვდა. ამ შემთხვევის აღსანიშნავად ფილმის რეჟისორმა დიდი ბანკეტი მოაწყო.
ბანკეტს ესწრებოდნენ ყველანი, ვინც კი მონაწილეობას იღებდა ფილმის შექმნაში. აქ იყვნენ აგრეთვე ისინიც, რომლებსაც “პიგმალიონთან” მეტად შორეული დამოკიდებულება ჰქონდათ. თავად ბერნარდ შოუს მოწვევა დაავიწყდათ, თუმცა შოუ ბანკეტზე მაინც მოვიდა.
იგი არავის შეუნიშნავს, იჯდა მყუდრო კუთხეში და ისმენდა დიდებულ სადღეგრძელოებს. თამადამ ადღეგრძელა რეჟისორი, ოპერატორი, მსახიობები და სხვები. შოუ კი არავის გახსენებია. მაშინ მწერალი ადგა და ხმამაღლა წამოიძახა:
- ქალბატონებო და ბატონებო! წინადადებას ვიძლევი, შევსვათ ბერნარდ შოუს სადღეგრძელო. ნება მომეცით წარმოგიდგინოთ ჩემი თავი – მე გახლავართ შოუ.