უმრავლესობა

უმრავლესობა "საერთო სასამართლოების შესახებ" საკანონმდებლო პაკეტიდან მუხლების ამოღებას ითხოვს

უმრავლესობა "საერთო სასამართლოების შესახებ" საკანონმდებლო პაკეტიდან იმ მუხლების ამოღებას ითხოვს, რომელიც, მათივე თქმით, პროექტში ოპოზიციის მოსაზრებების გათვალისწინებით ჩაიდო. 

საკითხი პლენარულ სხდომაზე, პაკეტის მეორე მოსმენით განხილვისას უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ დასვა, რომლისთვისაც გაუგებარია, თუკი "ნაციონალური მოძრაობა" პაკეტს მხარს არ უჭერს, რატომ უნდა დამტკიცდეს პროექტი იმ მუხლების ჩათვლით, რომელიც მასში ოპოზიციის მოსაზრებების საფუძველზე ჩაიდო. საგანელიძემ სიტყვით გამოსვლისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროექტში გარკვეული ცვლილებები იმ მოსაზრებებზე დაყრდნობით შევიდა, რომ მმართველ გუნდს და ოპოზიციას ამ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებითაც ერთობლივად აეღო პასუხისმგებლობა. დეპუტატის თქმით, რაკი ეს ასე არ ხდება და პაკეტს "ნაციონალური მოძრაობა" მხარს არ უჭერს, კენჭისყრაზე პროექტი იმ მუხლების გარეშე უნდა გავიდეს, რომლის არსსაც თავად უმრავლესობა არ იზიარებს.

კორექტირებული მუხლების მიმართ კრიტიკა პარლამენტის პლენარულ სხდომზე უმრავლესობის სხვა წარმომადგენლებაც დააფიქსირეს.

პარლამენტის მეორე მოსმენით წარდგენილი კანონპროექტი პირველი მომსმენით დამტკიცებულისგან განსხვავებულია. კერძოდ, იუსტიციის საბჭოში მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეულ წევრებს, რომლებიც იმავე დროს სასამართლოს თავმჯდომარეები და მოადგილეეები არიან, საბჭოს წევრობა გაუუქმდებათ და მათ ადგილას ახალი წევრებს აირჩევენ, მაგრამ აღნიშნულ პირებს ექნებათ უფლება, კენჭი სხვებთან ერთად იყარონ. იგივე შეეხება ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ არჩეულ წევრებს. ამასთან, უფლებამოსილების ამოწურვის საშუალება მიეცემა საბჭოს იმ წევრს, რომელიც იმავე დროს არ არის არც თავმჯდომარე, არც მოადგილე და არც რომელიმე სხვა ადმინისტრაციული ფუნქციის მატარებელი პირი და ამავე დროს, არჩეულია მოსამართლეთა კონფერენციის და არა ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ.