მამუკა არეშიძე:

მამუკა არეშიძე: "გარდაბანში ადგილობრივ ხელისუფლებაში "ნაციონალური მოძრაობის" რეანიმაცია მოხდა"

ექსპერტის კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძის განცხადებით, "გარდაბანში ადგილობრივ ხელისუფლებაში "ნაციონალური მოძრაობის" რეანიმაცია მოხდა".

ამის შესახებ არეშიძემ დღეს "პრაიმ ტაიმის" პრეს-კლუბში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, გარდაბანში გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად არეშიძის შტაბის ყოფილი უფროსი გელა ხუციშვილი დაინიშნა.

"ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ხშირად გვესმის საუბარი იმის თაობაზე, რომ მათ რეგიონებში ავიწროვებენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლების ცვლილება ძალადობრივად ხდება. მინდა, გითხრათ, რომ გარდაბნის რაიონში პირიქით მოხდა. შეიცვალა გამგებელი და მოვალეობის შესრულება ჩვენი შტაბის ყოფილ ხელმძღვანელს დაეკისრა", - განაცხადა არეშიძემ.

მისივე თქმით, ამას ხელი შეუწყო თავად "ქართული ოცნების" შტაბის რამდენიმე ხელმძღვანელმა, რომელიც არეშიძის ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან იყო ჩანერგილი.

არეშიძის თქმით, საკითხი შესწავლის პროცესშია, თუმცა მისთვის ცნობილია 3 ადამიანის ვინაობა.

"ერთ-ერთია უშიშროების ყოფილი პოლკოვნიკი, რომელსაც ჩვენ ვენდეთ და შეცდომა დავუშვით. შტაბის ერთ-ერთმა წევრმა არჩევნებამდე თავად აღიარა, რომ ის "ნაციონალური მოძრაობისთვის" მუშაობდა", - განაცხადა არეშიძემ.

მისივე თქმით, ამ ადამიანებმა მოახერხეს, რომ გამგებლად გაეპარებინათ ისეთი ადამიანი, ვინც იმ ნაგავს არ გამოქექავდა, რომელსაც წლების მანძილზე გარდაბანში "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ჰქონდა ადგილი.

არეშიძე მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი ინსპირირებული იყო გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი ფეიქრიშვილისა და კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის ვაჟა ლილუაშვილის მიერ.

ამასთან, არეშიძე აცხადებს, რომ პარტია "ქართული ოცნების" ცენტრალური პოლიტსაბჭო და გამგეობა საქმის კურსში არ არის იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება გარდაბნის რაიონში, სადაც ექსპერტის აზრით, არეულობის საფრთხე არსებობს, ვინაიდან ხალხის შეწუხებულია იმ ცვლილებებით, რაც განხორციელდა.