დავით საგანელიძე:  პარაშუტი რომ არ გახსნილიყო, შესაძლოა,

დავით საგანელიძე: პარაშუტი რომ არ გახსნილიყო, შესაძლოა, "ნაცმოძრაობისთვის" დაშვება ცუდად დამთავრებულიყო

პარაშუტი რომ არ გახსნილიყო, შესაძლოა, "ნაციონალური მოძრაობისთვის" დაშვება ძალიან ცუდად დამთავრებულიყო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ განუცხადა. 

მისი თქმით, გაიხსნა პარაშუტი და "ნაციონალურ მოძრაობას" მიეცა პოლიტიკაში დარჩენის შანსი.

"ძალიან კარგი შედარება გაუკეთებია ბიძინა ივანიშვილს პარაშუტით დაშვებასთან დაკავშირებით, პარაშუტი რომ არ დაშვებულიყო შეიძლება მათთვის ეს დაშვება ძალიან ცუდად დამთავრებულიყო. გაიხსნა პარაშუტი და მათ შანსი მიეცათ პოლიტიკაში დარჩენის", - განაცხადა დავით საგანელიძემ.

როგორც პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, უმრავლესობამ უმცირესობას პარაშუტები მისცა, რითაც "ნაციონალური მოძრაობა" უფსკრულისკენ მიმავალი გზიდან დაეშვა.

"მე ვურჩიე დავით უსუფაშვილს და მან ჩემი რჩევა გაითვალისწინა. თუ "ნაციონალური მოძრაობა" უფსკრულისკენ წასვლას გადაწყვეტდა, ჩვენ მათ პარაშუტები მივეცით და დაეშვნენ. კარგი იქნებოდა, უფრო მეტი სითბო და მხარდაჭერა მიეცათ საზოგადოებისთვის. პროცესები გაგრძელდება. ვფიქრობ, "ნაციონალური მოძრაობა" დასკვნებს გააკეთებს და მეტ ანგარიშს გაუწევს საზოგადოებას. ყოველგვარი ახირების გარეშე შეიძლება მიიღონ მეტი ჩართულობა იმ პროცესებში, რასაც ჩვენ ვაპირებთ, რათა წინ წავწიოთ და განვავითაროთ ქვეყანა", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.