აკაკი ბობოხიძე:  აღარ მაინტერესებს, რას ლაპარაკობენ ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი

აკაკი ბობოხიძე: აღარ მაინტერესებს, რას ლაპარაკობენ ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა აკაკი ბობოხიძემ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის პირველი მოსმენით დამტკიცებასთან დაკავშირებით პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის განცხადებები გააკრიტიკა. 

"ბატონებო, გვაცადეთ მუშაობა, გვაცადეთ იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელიც საქართველოს სჭირდება და რომელსაც პარლამენტი მიიღებს. დაანებეთ ჭკუის სწავლებას და იმის მცდელობას თავი, თუ ვისმა მკლავმა გადასწია ერთი თუ მეორე ხელი" , - განაცხადა ბობოხიძემ პარლამენტის სხდომაზე, რომლის დროსაც დეპუტატები საკონსტიტუციო ინიციატივას მეორე მოსმენით განიხილავენ.
დეპუტატმა გამოსვლა პარლამენტის გუშინდელი გადაწყვეტილების შემდეგ განვითარებულ პროცესებს დაუთმო.

"გუშინ შეფასება გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა და მინდა ვთქვა, რომ მიმაჩნია, აქცენტები სწორად არ იყო დასმული. გუშინ "ნაციონალურ მოძრაობას" არ გაუმარჯვია. გუშინ საქართველოს მოსახლეობამ გაიმარჯვა. სამწუხაროდ, დღეს იგივე გააგრძელა ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც თქვა, რომ "ჩვენ ეს ასი ხმა მაინც გვქონდა და "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერა სულ არ გვჭირდებოდაო". მინდა მივმართო დავით საგანელიძეს, გუშინ 130 ხმა იმიტომ კი არ იყო დაფიქსირებული, რომ ბიძინას უნდოდა ასე და ფიქრობდა ასე, არამედ იყო იმიტომ, რომ ამ დარბაზში ვზივართ ქვეყნის ბედ-იღბალზე მოფიქრალი მინიმუმ 130 ადამიანი. ამიტომ ვთხოვ ჩემს უმცირესობას, ჩემს მეგობრებს: ჩვენ დაველაპარაკებით ჩვენს ლიდერს, მაგრამ გთხოვთ ასევე თქვენც, - საკითხი ჯერ არ გასულა, საკითხის გასვლას მინიმუმ მესამეჯერ კენჭისყრა სჭირდება, თუ მაინც და მაინც კონკრეტულად ვინმეს აინტერესებს, რომ ჩემს გარეშე, ჩვენს გარეშე, რომ ჩემი გადაწყვეტილების და ჩემი ნების გარეშე ექნება თუ არა 130 ხმა, გარწმუნებთ, რომ არ ექნება. მე ჩემს თავსაც მოვუწოდებ, აღარ მაინტერესებს, რას ლაპარაკობს ბიძინა ივანიშვილი, აღარ მაინტერესებს რას იტყვის მიხეილ სააკაშვილი, რადგან ვთვლი, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს სჭირდება. როგორც სჩანს, ამ გადაწყვეტილებას პარლამენტი მიიღებს, მაგრამ როგორც ჩანს, ჩემი შედარება მეორე კლასის იგავ-არაკთან კვლავ ძალაში რჩება. ყველას მოვუწოდებ - ბატონებო გვაცადეთ მუშაობა, გვაცადეთ იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელიც საქართველოს სჭირდება და რომელსაც პარლამენტი მიიღებს, დაანებეთ ჭკუის სწავლებას და იმის მცდელობას თავი, თუ ვისმა მკლავმა გადასწია ერთი თუ მეორე ხელი", - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.