პარლამენტის პლენარული სხდომა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მეორე მოსმენით განხილვით დაიწყო. პროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ვახტანგ ხმალაძე წარადგენს.
როგორც სხდომის დაწყებისას პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, გადაწყდა, რომ ორშაბათს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ჩატარდება, რომლის მოწვევის თაობაზე პრეზიდენტს დღესვე მიმართავს. იქვე დასძინა, რომ იმედი აქვს, რომ პრეზიდენტი სათანადო გადაწყვეტილებას მიიღებს.
უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ ორშაბათისთვის საბოლოოდ მისაღებია როგორც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, ასვე სხვა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივები. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ მისაღებია გადაწყვეტილებები, რაც მაღალ ქვორუმს საჭიროებს და კოლეგებს მობილიზებისკენ მოუწოდა.