ირინა იმერლიშვილი:  პარლამენტში პრეზიდენტი ანგარიშით შესაძლოა, მარტის ბოლომდე წარდგეს

ირინა იმერლიშვილი: პარლამენტში პრეზიდენტი ანგარიშით შესაძლოა, მარტის ბოლომდე წარდგეს

საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტი ანგარიშით შესაძლოა, მარტის ბოლომდე წარდგეს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირინა იმერლიშვილმა განუცხადა. 

მისი განმარტებით, როგორც ადრე ნათქვამი იყო, პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების შემდეგ წარდგება.

"როგორც ნათქვამი იყო, ცვლილებების დამტკიცების შემდეგ პრეზიდენტი წარდგება პარლამენტის წინაშე. ზუსტი თარიღი ორშაბათის შემდეგ უფრო გაირკვევა, როდესაც მესამე მოსმენით დამტკიცდება საკონსტიტუციო ცვლილებები. არ გამოვრიცხავ, რომ პრეზიდენტი პარლამენტს ამ თვის ბოლომდეც ესტუმროს", - განაცხადა იმერლიშვილმა.

პრეზიდენტის უფლებამოსილებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტმა გუშინ პირველი მოსმენით მიიღო. მანამდე, საპარლამენტო უმრავლესობა აცხადებდა, რომ საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტს ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის შესაძლებლობა მას შემდეგ მიეცემოდა, რაც საკონსტიტუციო ცვლილებების ბედი გადაწყდებოდა და უმცირესობა საკუთარ პოზიციას დააფიქსირებდა.