ბიძინა ივანიშვილი:  მე ვურჩიე უსუფაშვილს, მხარი დაეჭირა

ბიძინა ივანიშვილი: მე ვურჩიე უსუფაშვილს, მხარი დაეჭირა "ნაციონალური მოძრაობის" ახირებისთვის

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს სარეიტინგო კენჭისყრაზე დათანხმება ბიძინა ივანიშვილმა ურჩია. ამის შესახებ თავად პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 

მისი თქმით, შესვენებაზე დავით უსუფაშვილს ტელეფონით ესაუბრა და ურჩია, "მხარი დაეჭირა "ნაციონალური მოძრაობის" ახირებისთვის", თუმცა პრემიერის განმარტებით, პარლამენტის თავმჯდომარეს ამის სურვილი არ ჰქონდა, რადგან კარგად იგრძნობოდა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო ხმებს უმრავლესობა ისედაც მიიღებდა.

"მაგრამ, მე რატომღაც ასე ვამჯობინე. ეს ჩვენთვის პრინციპულად არაფერს ცვლიდა. ცვლიდა მხოლოდ მათთვის. ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ამ უცნაურობისთვის მიეღწიათ, რაც ჩემთვის დღესაც აუხსნელია. ვერ გამიგია, რად უნდოდათ ღია კარის მტვრევა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ღია კარის მტვრევა მიმდინარეობს ბენდუქიძის უნივერსიტეტშიც და 19 აპრილის აქციითაც.

"ამბობენ, ამ აქციაზე ევროპელებიც ჩამოდიან, რადგან გაუგიათ, რომ მერაბიშვილს განსაკუთრებულად უყვარს ევროპა. ღია კარს ამტვრევდნენ გუშინაც პარლამენტში. პოლიტიკურად უფრო კარგი იქნებოდა, რომ მე უსუფაშვილთან არ დამერეკა, მაგრამ ადამიანურად სჯობდა, არ დაგვეშვა ძალიან დაბალი ალბათობაც იმისა, რომ ეს საკონსტიტუციო ცვლილება ჩავარდნილიყო.

საზოგადოებისთვის ეს საშიში არ იყო, მაგრამ "ნაციონალური მოძრაობა" დარჩებოდა საზოგადოების მიღმა, რისი სურვილიც არ გამაჩნდა და არ გამაჩნია დღესაც. ამიტომ ვურჩიე უსუფაშვილს, რომ სჯობდა, დაგვეთმო ამ ახირებაზე. შედეგად კი მივიღეთ ის, რაც გვინდოდა", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, დარჩა უკმაყოფილების გრძნობა და ვარაუდობს, რომ ასეთივე გრძნობა ექნება საზოგადოებასაც.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, "ნაციონალურ მოძრაობას" ამ პროცესში ნორმალური მონაწილეობით შეიძლებოდა საზოგადოებისგან მეტი დივიდენდები მიეღო.

"ისინი მეტ დივიდენდებს მიიღებდნენ საზოგადოებისგან, თუ თავიანთ ლიდერთან ერთად ნორმალურად მოიქცეოდნენ და ეყოფოდათ ვაჟკაცობა, ყოველგვარი თამაშის გარეშე მიეცათ ხმა. ჩემი დიდი სურვილი იყო, მათი ნაბიჯი ისეთი ყოფილიყო, რომ საზოგადოებას ეს კარგად აღექვა. საბოლოოდ ხმები მისცეს, მაგრამ უმადურად გამოვიდა – მარილი ვერ მოაყარეს. არა მგონია, რომ საზოგადოებამ ეს სიამოვნებით მიიღო. მათ ლიდერს შეეძლო გამოსულიყო, კაცურად მოეწოდებინა და ამით იგი მოახერხებდა საზოგადოებასთან დაბრუნებას და დაახლოებას. ამის ნაცვლად მან გაუგებარი და აგრესიული გამოსვლა გააკეთა და ვიღაცებს ემუქრება. ყველაზე საწყენი, რაც არის და, რამაც ცუდი ფონი დატოვა, ის არის, რომ შეიძლებოდა მომხდარიყო "ნაციონალური მოძრაობის", მისი ლიდერისა და საზოგადოების დაახლოება, რისი მზაობაც მე გამაჩნია. ნაბიჯი გადაიდგა, კარგი საკონსტიტუციო ცვლილება მივიღეთ, თუმცა "ნაციონალურმა მოძრაობამ" და მისმა ლიდერმა გაჭირვებული სამიანიც თუ მიიღეს ამაში, საერთოდაც თუ მიიღეს პოზიტივი, ეს კიდევ საკითხავია", - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილების ჩავარდნის შემთხვევაშიც საზოგადოებას და ხელისუფლებას არაფერი ემუქრებოდა, ზედმეტი ემოციური დატვირთვის გარდა.

საქართველოს პრემიერის აზრით, არსებობდა პატარა საფრთხე, რომ "ნაციონალური მოძრაობა" გადაჩეხილიყო, თუმცა ეს არ დაუშვა.

"მე ვურჩიე დავით უსუფაშვილს და მან ჩემი რჩევა გაითვალისწინა. თუ "ნაციონალური მოძრაობა" უფსკრულისკენ წასვლას გადაწყვეტდა, ჩვენ მათ პარაშუტები მივეცით და დაეშვნენ. კარგი იქნებოდა, უფრო მეტი სითბო და მხარდაჭერა მიეცათ საზოგადოებისთვის. პროცესები გაგრძელდება. ვფიქრობ, "ნაციონალური მოძრაობა" დასკვნებს გააკეთებს და მეტ ანგარიშს გაუწევს საზოგადოებას. ყოველგვარი ახირების გარეშე შეიძლება მიიღონ მეტი ჩართულობა იმ პროცესებში, რასაც ჩვენ ვაპირებთ, რათა წინ წავწიოთ და განვავითაროთ ქვეყანა", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.