თავდაცვის სამინისტროს შესაძლოა, დამატებითი თანხები გამოეყოს

თავდაცვის სამინისტროს შესაძლოა, დამატებითი თანხები გამოეყოს

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, ჯარის ინფრასტრუქტურის კუთხით მდგომარეობა სავალალოა.

ამის შესახებ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც, მას აქვს კონსულტაციები ფინანსთა მინისტრთან და პრემიერ-მინისტრთან, რათა ინფრასტრუქტურული პროგრამების განსახორციელებლად სამინისტროს დამატებითი თანხები გამოეყოს.

"მე ვიყავი ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე და კიდევ ვაპირებ სხვაგანაც წავიდე. მდგომარეობა არის სავალალო. ის თანხები, რომელიც აქამდე იყო დახარჯული - თითქმის 8 მილიარდი ლარი არის გადაყრილი და მხოლოდ ფასადებს მოხმარდა. არის მნიშვნელოვანი პრობლემები ჯარისკაცების საყოფაცხოვრებო და სასწავლო პირობებთან დაკავშირებით", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.


მისი თქმით, ამ თემაზე მიმდინარეობს მუშაობა და დღეს მას გაუჭირდება კონკრეტული მონაცემები დაასახელოს, თუმცა აღნიშნა, რომ საუბარია რამდენიმე ათეულ მილიონ ლარზე, რის შედეგადაც ერთხელ და სამუდამოდ მოწესრიგდება ჯარში სიტუაცია.

"თუმცა ცხადია, რომ წელს ეს სრულად ვერ განხორციელდება", - დასძინა ნოდარ ხადურმა.