მინისტრები პარლამენტისთვის წართმეული უფლებამოსილების დაბრუნებას მიესალმებიან

მინისტრები პარლამენტისთვის წართმეული უფლებამოსილების დაბრუნებას მიესალმებიან

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახი კალაძე და ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო პარლამენტისთვის წართმეული უფლებამოსილების დაბრუნებას მიესალმებიან. როგორც კალაძემ

ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე საკონსტიტუციო ცვლილებების კომენტირებისას განუცხადა, პარლამენტის მიერ გუშინ მიღებული გადაწყვეტილება მეტად მნიშვნელოვანი იყო.
"პარლამენტს დაუბრუნდა ის უფლებამოსილება რაც მას წართმეული ჰქონდა სააკაშვილის მიერ 2004 წელს. ამ გადაწყვეტილებით თითოეულ დეპუტატს გაეზარდა უფლებამოსილება, რაც ბუნებრივია მისასალმებელია", - აღნიშნა კახი კალაძემ.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო კი, საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით დამტკიცებას მიესალმება.
როგორც მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს სერგეენკომ განუცხადა, ამ ცვლილებებზე მსჯელობები რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და ეს აბსოლუტურად გასაგებია, რადგან საკითხი ეხება ქვეყნის მთავარ კანონს.

რაც შეეხება ოპოზიციისა და მმართველი გუნდის მომავალ თანაცხოვრებას, სერგეენკო იმედოვნებს, რომ ორივე მხრიდან ისეთი ნაბიჯები გადაიდგმება, რომელიც ქართული სახელმწიფოს განმტკიცებისკენ იქნება მიმართული.

პარლამენტმა გუშინ საკონსტიტუციო ცვლილებები 135 ხმით, არც ერთის წინააღმდეგ, პირველი მოსმენით მიიღო.