საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს პარლამენტი დღეს II მოსმენით განიხილავს

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს პარლამენტი დღეს II მოსმენით განიხილავს

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს პარლამენტი დღეს II მოსმენით - მუხლობრივი განხილვისთვის მიუბრუნდება . დღესვე II მოსმენით განიხილავენ "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტს, რაც გუშინდელი სხდომის დღის წესრიგში იყო გათვალისწინებული, თუმცა კონსტიტუციური ცვლილებების გარშემო გამართული განხილვებისა და კონსულტაციების გამო, გუშინ დეპუტატებმა ვეღარ მოასწრეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ დღევანდელ სესიაზე საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის და დამტკიცების პროცესს რაიმე გართულებები აღარ მოჰყვება.
პარლამენტის სხდომა 12:00 საათისთვის დაინიშნა. მანამდე - 11:00 საათზე ჩატარდება ბიუროს სხდომა, ხოლო კიდევ უფრო ადრე დეპუტატები საკომიტეტო მოსმენებს გამართავენ. ეს ეხება კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებსაც, რომელსაც სესიაზე გატანამდე იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტი განიხილავს.

პარლამენტში წარდგენილი საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი პირველი მოსმენით 135 ხმით, ერთხმად - საპარლამენტო უმცირესობის მხარდაჭერით გავიდა. მანამდე კი სარეიტინგო გამოკითხვა ჩატარდა და პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან შემდეგნაირად დასმულ საკითხზე: - უჭერდნენ თუ არა მხარს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს, 93 მომხრე დაფიქსირდა.

დღევანდელ სესიაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტისა და "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის გარდა, დეპუტატები მიმდინარე კანონპროექტებსაც განიხილავენ და კენჭს უყრიან.