ვახტანგ ხმალაძე - სარეიტინგო კენჭისყრა მართებულად არ მიგვაჩნდა, მაგრამ სხვა გზა არ არსებობდა

ვახტანგ ხმალაძე - სარეიტინგო კენჭისყრა მართებულად არ მიგვაჩნდა, მაგრამ სხვა გზა არ არსებობდა

ვახტანგ ხმალაძე იმედოვნებს, რომ პარლამენტში ახალი ცხოვრება დაიწყება და დაპირისპირების ხარისხი შემცირდება, - ამის შესახებ მან "რუსთავი 2"-ის ეთერში საუბრისას განაცხადა .
ხმალაძის თქმით, უმრავლესობის წევრები ხედავენ, რომ ქვეყნისთვის აუცილებელია განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებების მქონე პირთა თანამშრომლობა. "ვიმედოვნებ, ხვალ, ზეგ და შემდგომ პერიოდში დაპირისპირების ხარისხი შემცირდება, რომ მსჯელობა კანონმდებლობასა და სხვა საკითხებზე წარიმართება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. თუ მიგვაჩნია, რომ სწორია, მხარი უნდა დავუჭიროთ. ამ შეთანხმებამ თავშეკავების საფუძველი უნდა გააჩინოს და უნდა ვეცადოთ, მხარი დავუჭიროთ სწორ გადაწყვეტილებას და არ მოვიქცეთ ჯიბრით მხოლოდ იმიტომ, რომ ის მეორე მხარის მიერ არის ინიცირებული", - განაცხადა გუშინ ხმალაძემ.

მისივე თქმით, სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარებაზე უმრავლესობაც თანახმა იყო, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში საკონსტიტუციო ცვლილება ჩავარდებოდა. "ვფიქრობდით, რომ ალბათ უნდა მიგვეღო ეს გადაწყვეტილება, რადგან უმცირესობა კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა კენჭისყრაში მონაწილეობას. საკითხი ასე დადგა – არ არის მართებული სარეიტინგო კენჭისყრა, მაგრამ სხვა გზა არ არსებობდა", - აღნიშნა ხმალაძემ.

მისივე თქმით, უმრავლესობა სარეიტინგო კენჭისყრის აუცილებლობას ვერ ხედავდა, რადგან ყველამ კარგად იცოდა, რომ "ქართულ ოცნებას" 100 ხმა არანაირად არ ექნებოდა. "ჩვენ გაცხადებული გვქონდა, რომ საქმეს სჭირდებოდა უმცირესობის მხარდაჭერა. სარეიტინგო კენჭისყრით ახალი არაფერი გამოჩენილა", - აღნიშნა ხმალაძემ.

პარლამენტმა გუშინ საკონსტიტუციო ცვლილებები 135 ხმით, არც ერთის წინააღმდეგ, პირველი მოსმენით მიიღო. მანამდე ჩატარდა სარეიტინგო კენჭისყრა და პროექტის მომხრე 93 დეპუტატი დაფიქსირდა.