დავით ბაქრაძე - დაფიქსირდა, რომ პარლამენტში ოპოზიციას აქვს მნიშვნელობა

დავით ბაქრაძე - დაფიქსირდა, რომ პარლამენტში ოპოზიციას აქვს მნიშვნელობა

დღევანდელმა გადაწყვეტილებამ დააფიქსირა, რომ პარლამენტში ოპოზიციას აქვს მნიშვნელობა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღების შემდეგ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად განსხვავებისა, საბოლოო ჯამში გადაწყვეტილება მიღებულ იქნა.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად განსხვავებისა, საბოლოო ჯამში გადაწყვეტილება მიღებულია იმ ფორმით, რომელმაც ერთის მხრივ დააფიქსირა, რომ საქართველოს პარლამენტში ოპოზიციას აქვს მნიშვნელობა და ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე ვერ იქნება მიღებული საკონსტიტუციო ცვლილება და, მეორე მხრივ, ეს იყო ის ფორმა, რომელმაც გამოაჩინა, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თემებზე ჩვენ შეგვიძლია საერთო ენის გამოძებნა. ამიტომ ვფიქრობ, საბოლოო შედეგი იყო კარგი. ეს იყო შედეგი, რომელმაც გამოამჟღავნა, რომ ოპოზიციისკენ გადადგმულ ნაბიჯს ყოველთვის მოყვება ადეკვატური რეაგირება ჩვენი მხრიდან, ყველა იმ საკითხში, რომელიც ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი", - აღნიშნა გუშინ ბაქრაძემ.

პარლამენტმა გუშინ საკონსტიტუციო ცვლილებები 135 ხმით, არც ერთის წინააღმდეგ, პირველი მოსმენით მიიღო. მანამდე ჩატარდა სარეიტინგო კენჭისყრა და პროექტის მომხრე 93 დეპუტატი დაფიქსირდა.