დავით ბერძენიშვილი

დავით ბერძენიშვილი "ნაციონალურ მოძრაობას" "ბელადყოფილისგან" გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ურჩევს, თუ საკუთარ პოლიტიკურ მომავალზე ფიქრობენ, აკვიატებებს ნუ ეძებენ .

ბერძენიშვილი სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარებას პირადად მიხეილ სააკაშვილის აკვიატებად აფასებს, ოპოზიციონერ კოლეგებს კი მიმართავს, რომ "ან პარტიულად, ან ინდივიდუალურად ივარგონ".

"თუკი კვალიფიციურ, პასუხისმგებელ პოლიტიკურ ძალად ყოფნას, ოპოზიციურ ძალად ჩამოყალიბებას, ოპონირების რეჟიმში პოლიტიკურ პარტიად დაბადებას აპირებთ, მაშინ საკუთარ შესაძლებლობებზე და გამოცდილებაზე უნდა იყოთ ორიენტირებული და არა ერთი კაცის ახირებაზე. თქვენ თვლით, რომ კონსტიტუციაში ეს მუხლი ზედმეტია და თქვენი ბელადი ამბობს, რომ ესაა ეფემერული უფლებამოსილება, რომელსაც არ გამოიყენებს... ყველა კვლევით, რომელთა მიმართ ნდობა გაქვთ, საარჩევნო ბარიერის მიდამოებში ბრძანდებით და თქვენი შედეგი ერთნიშნაა, მაშინ, როცა ექვსჯერ მეტია გამარჯებული პოლიტიკური ძალის მიმართ ნდობა და მოლოდინი. სხდომათა დარბაზში თქვენი ყოფნა, ერთი ექვსზე ყოფნის სურათს არ ასახავს - დღეს მეტნი ხართ, ვიდრე რეალურად გაქვთ ხალხის მანდატი. ამიტომ, ამ ვითარებაში მყოფ პოლიტიკურ ჯგუფს, თუ კვალიფიციურ პოლიტიკურ მომავალზე აქვს პრეტენზია, რაზეც ამბობთ, რომ სწორია, მხარი დაუჭირეთ და აკვიატებებს ნუღარ დაეძებთ. თქვენ რა, არ იცით, რომ ასზე ნაკლებია იმ დეპუტატთა რაოდენობა, ვისაც შეუძლია საკონსტიტუციო ცვლილებას ხმა მისცეს? მაგრამ ეს აკვიატება თქვენი აკვიატება არ არის, ეს ბელადყოფილის აკვიატებაა და გათავისუფლდით", - მიმართა დავით ბერძენიშვილმა უმცირესობის წარმომადგენლებს და მოუწოდა, გადაწყვეტილება ან პარტიულად ან ინდივიდუალურად მიიღონ.