ხელისუფლება ევროკომისიის ბოლო ანგარიშს მიესალმება

ხელისუფლება ევროკომისიის ბოლო ანგარიშს მიესალმება

საქართველოს ხელისუფლება მიესალმება ევროკომისიის ბოლო ანგარიშს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის (European NeighborhoodPolicy) ფარგლებში მიღწეული პროგრესის შესახებ. 

საქართველოს მთავრობის ეს განცხადებს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ოფიციალურ გვერდზე განთავსდა და მას "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.

"ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა 20 მარტს, ხაზგასმულია ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ურთიერთობის გაღრმავება საქართველოსა და ევროკავშირს შორის, ფართომასშტაბიანი რეფორმები და ძალისხმევა, მიმართული დაძაბულობის განმუხტვაზე კავკასიის რეგიონში.

ანგარიშში, აღიარებულია, რომ საქართველომ გაითვალისწინა კომისიის 2012 წლის ძირითადი რეკომენდაციების უმრავლესობა და ხაზგასმულია "მნიშვნელოვანი წინსვლა" ევროკავშირსა და საქართველოს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში ასოცირების ხელშეკრულებასა და ვიზების უზრუნველყოფისა და რეადმისიის შეთანხმებებთან დაკავშირებით.

კომისიამ მოიწონა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, ასევე შეკრებისა და გაერთიანების უფლებისა და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფის პროცესში მიღწეული წინსვლა და აღნიშნა: "წინსვლამ ძლიერი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვისთვის გამიზნულ რეფორმებში შედეგად მოიტანა ის, რომ საქართველოს აღმოსავლეთის პარტნიორობის ფარგლებში დამატებით გამოეყო თანხები. ანგარიშში ასევე აღნიშნულია ახალი ხელისუფლების მიერ წამოყენებული პოზიტიური ინიციატივები, რომელთა მიზანიცაა ძალაუფლების ინსტიტუციონალური ბალანსის გაუმჯობესება და მართლმსაჯულების სისტემაში მეტად საჭირო რეფორმის დაჩქარება", – აღნიშნულია განცხადებაში.