იმედა დარსალია

იმედა დარსალია "ნიუ ჰოსპიტალის" მიერ არხისთვის სასამართლოში ჩივილს არასწორს უწოდებს

"მეცხრე არხის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი, იმედა დარსალია "ნიუ ჰოსპიტალის" მიერ არხისთვის სასამართლოში ჩივილს არასწორს უწოდებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" იმედა დარსალიამ განუცხადა, "ნიუ ჰოსპიტალის" წარმომადგენლებიდან არავინ ისურვა ჟურნალისტისთვის კომენტრი გაეკეთებინათ.

"თუ მათ პაციენტის პირადი ინფორმაციის გაცემის უფლება არ ჰქონდათ შეეძლოთ ეს ეთქვათ ჩვენი ჟურნალისტისთვის და ესეც უკვე კომენტარია", – აცხადებს დარსალია.

მისივე შეფასებით, "ნიუ ჰოსპიტალი" სასამართლოში "მეცხრე არხს" კი არ უნდა უჩიოდეს, არამედ იმ ადამიანს, რომელმაც საავადმყოფი ორგანოებით ვაჭრობაში დაადანაშაულა.
"ჩემი აზრით "ნიუ ჰოსპიტალის" წარმომადგენლებს მისამართი შეეშალათ", – აღნიშნავს დარსალია.

მისივე ინფორმაციით, ორგანოებით ვაჭრობის საკითხთან დაკავშირებით პროკურატურაში ძიება უკვე მიმდინარეობს.

"მეცხრე არხის" ეთერში გუშინ გავიდა სიუჟეტი პატიმრების ორგანოებით ვაჭრობის თემასთან დაკავშირებით, სადაც ყოფილი მსჯავრდებული ხათუნა ჯანაშვილი კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალს" უკანონო დიაგნოზის დასმაში ადანაშუაულებს.

ყოფილი მსჯავრდებლის განცხადებით, ჰოსპიტალის ექიმებმა მას ფილტვის კიბო დაუდგინეს და მისი ამოჭრა შესთავაზეს, თუმცა გადამოწმების შემდეგ გაირკვა, რომ ხათუნა ჯანაშვილი ჯანმრთელი იყო.