"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" ვენეციის კომისიის დასკვნაზე განცხადებას ავრცელებს

ორგანიზაცია "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

განცხადების მიხედვით, საქართველოს პარლამენტმა გადაწყვეტილების მიღების პროცესში აუცილებლად უნდა მიიღოს მხედველობაში ის მნიშვნელოვანი შენიშვნები და რეკომენდაციები, რომლებიც ასახულია ვენეციის კომისიის დასკვნაში.

"აღნიშნულით პარლამენტმა ხელი შეუწყოს საქართველოს სასამართლო სისტემის დაგეგმილი რეფორმის შესაბამისობას დემოკრატიულ სტანდარტებთან და გააძლიეროს აღნიშნული ინიციატივის ლეგიტიმაცია", - ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციის განცხადებითვე, წარმოდგენილი ცვლილებების მნიშვნელოვანი ნაწილი ვენეციის კომისიის მიერ დადებითად შეფასდა.

"კერძოდ აღინიშნა, რომ "უმჯობესდება ორგანული კანონის ბევრი დებულება და კანონი უახლოვდება ევროპულ სტანდარტებს." იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის კუთხით პროგრესულად იქნა მიჩნეული იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების ახალ წესი. იმავდროულად კომისიის მიერ გამოითქვა რიგი მნიშვნელოვანი შენიშვნები და მოსაზრებები გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებსაც ეს წესი ითვალისწინებს. კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით საქართველოს იუსტიციის საბჭოში ირჩევს 6 წევრს", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

განცხადების მიხედვით, ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ საბჭოს შემადგენლობის საპარლამენტო კომპონენტი არჩეულ უნდა იქნეს კვალიფიციური უმრავლესობით - ხმათა ორი მესამედით ან რაიმე პროპორციული მეთოდით, რომელიც უზრუნველყოფს ოპოზიციის გავლენას საბჭოს დაკომპლექტებაზე. კომისია თვლის, რომ სავარაუდო კრიზისის თავიდან აცილების მიზნით შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს სპეციფიკური მექანიზმი.

."თუმცა, ეს მექანიზმი არ უნდა იქცეს დამაბრკოლებელ გარემოებად კვალიფიციური უმრავლესობით გადაწყვეტილების მიღების პროცესისათვის. კიდევ ერთი შენიშვნა ეხება კანონპროექტის იმ დებულებას, რომელიც აწესებს შეზღუდვებს სასამართლოს თავმჯდომარეებისა და სასამართლო სისტემის სხვა მაღალი რანგის წარმომადგენლებისათვის, არჩეულნი იყვნენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. კომისიის აზრით, თუ საბჭო წარმოადგენს მთლიანად სასამართლო ხელისუფლებას, მაშინ არასწორი იქნება ჩამოერთვას სასამართლო სისტემის რომელიმე წევრს შესაძლებლობა, იყოს არჩეული საბჭოში. თუმცა, პროცესის მონაწილეთა მიერ გამოხატული წუხილების გათვალისწინებით, კომისია უშვებს შესაძლებლობას, დაწესდეს ზღვარი საბჭოს წევრი თავმჯდომარეების მაქსიმალურ რაოდენობაზე", - აღნიშნულია განცხადებაში.

ტუღუშის ორგანიზაციის განმარტებით, რაც შეეხება გარდამავალ დებულებებს, კანონპროექტის თანახმად, კანონის ამოქმედებისთანავე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, გარდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა, უწყდებათ უფლებამოსილება. ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ ეს ნორმა ამოღებულ უნდა იქნეს კანონის პროქტიდან. "იუსტიციის საბჭოების მნიშვნელოვანი ფუნქციაა მოსამართლეების დაცვა პოლიტიკური ზეგავლენისაგან.

"სწორედ აღნიშნული ფუნქციიდან გამომდინარე, არამართებული იქნებოდა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იუსტიციის საბჭოს შემადგენლობის სრული განახლების დაშვება", - აღნიშნულია დასკვნაში. კომისია მხარს უჭერს იუსტიციის საბჭოს წევრობის უწყვეტობას და თვლის, რომ პარლამენტმა თავი უნდა შეიკავოს ისეთი ზომების მიღებისგან, რომლებიც საფრთხეს შეუქმნის ამ პრინციპს. "საბჭოს ყველა წევრის ვადამდელი გათავისუფლება შექმნის პრეცედენტს, რომლის მიხედვითაც ნებისმიერ ახალ მთავრობასა თუ ახალ პარლამენტს, რომელიც მხარს არ უჭერს საბჭოს შემადგენლობასა თუ წევრებს, შეეძლება მისი ვადამდელი დათხოვნა და ახალი საბჭოთი ჩანაცვლება". დასკვნის სახით, ვენეციის კომისია იძლევა რეკომენდაციას, რომ საბჭოს წევრებმა დაასრულონ უფლებამოსილების ვადა და კანონპროექტის გარდამავალი დებულებებიდან ამოღებულ იქნეს ის ნორმა, რომელიც მოქმედი წევრებისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას შეეხება. თუმცა, ითვალისწინებს რა კანონპორექტის მხარდამჭერთა არგუმენტებს, შესაძლებელად მიიჩნევს გარდამავალი ზომების მიღებას, რომელთა მეშვეობითაც უზრუნველყოფილი იქნებოდა მოქმედი საბჭოს დაახლოება დაკომპლექტების მომავალ მეთოდთან. ამგვარი ზომების მაგალითად კომისია ასახელებს სასამართლოების მოქმედი თავმჯდომარეების მიერ თავმჯდომარის თანამდებობის დატოვებას იუსტიციის საბჭოს შემადგენლობაში დარჩენის მიზნით, ასევე ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ განხორციელებული დანიშვნების დამტკიცებაზე მოსამართლეთა კონფერენციის თანხმობას", - განმარტავენ ორგანიზაციაში.