განათლების სამინისტროსთან სტუდენტების აქცია მიმდინარეობს

განათლების სამინისტროსთან სტუდენტების აქცია მიმდინარეობს

განათლების სამინისტროსთან სტუდენტების აქცია მიმდინარეობს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, აქციაში, რომელიც აგრარული უნივერსიტეტის მხარდასაჭერად იმართება, 200-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობს. კერძოდ, სამინისტროსთან მყოფებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ტექნიკური უნივერისტეტის, თავისუფალი უნივერსიტეტის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი და სხვა სასწავლებლების სტუდენტები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია "დროას" წევრები. 

აქციას ესწრება აგრარული უნივერსიტეტის რექტორი ლაშა გოცირიძე.

სტუდენტთა გარკვეული ჯგუფი განათლების სამინისტროსთან შეძახილებითა და ლოზუნგებით მოვიდა. ისინი სკანდირებდნენ - "აგროუნი" და მხარდაჭერას უცხადებდნენ აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებს.

ამასთან, სტუდენტებმა დღეს სამინისტროს მისაღებში დოკუმენტები დატოვეს მინისტრისთვის გადასაცემად. მათი ინფორმაციით, დოკუმენტები აბათილებს იმ შვიდ მიზეზს, რის გამოც აგრარული უნივერსიტეტის ავტორიზაცია გაუუქმდა.

ამ დროისთვის უზნაძის ქუჩაზე მოძრაობა გადაკეტილია. სამინისტროს მიმდებარე პერიმეტრს სამართალდამცველები იცავენ.