სამედიცინო ცენტრიდან გათავისუფლებული ექიმები მამუკა ქაცარავას სიცრუეში ადანაშაულებენ

სამედიცინო ცენტრიდან გათავისუფლებული ექიმები მამუკა ქაცარავას სიცრუეში ადანაშაულებენ

სასწრაფო-სამედიცინო ცენტრიდან გათავისუფლებული ექიმები თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსს მამუკა ქაცარავას სიცრუეში ადანაშაულებენ. 

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ერთ-ერთმა ექიმმა, ლევან ლატარიამ განაცხადა, ექიმები, რომლებმაც შიმშილობა შეწყვიტეს, სამედიცინო ცენტრში სამსახურში აღდგენის თაობაზე განცხადების დასაწერად მივიდნენ, სადაც უთხრეს, რომ განცხადება ცენტრის უფროსის, კახა ჩიხრაძის სახელზე უნდა დაეწერათ.

ექიმები ამბობენ, რომ ცენტრში ისევ ძველი ხელმძღვანელობაა და მამუკა ქაცარავამ ისინი მოატყუა. აქედან გამომდინარე, ორშაბათიდან ექიმები მერიასთან შიმშილობითა და პერმანენტული აქციების გამართვით იმუქრებიან, მთავარი მოთხოვა კი, მათივე თქმით, "მატყუარა მამუკა ქაცარავას გადადგომა" იქნება.

სასწრაფოდან გათავისუფლებულმა ოთხმა ექიმმა შიმშილობის აქცია 7 მარტს დაიწყო. ისინი სამსახურში აღდგენასა და ადმინისტრაციის გადადგომას მოითხოვდნენ. ექიმებმა შიმშილობა 13 მარტს შეწყვიტეს და, როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტეს, მათ მერიისგან მოისმინეს, რომ სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელი კახა ჩიხრაძე საქმიანობას ჩამოშორებულია.

ამასთან, იმავე დღეს "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას, მამუკა ქაცარავამ აღნიშნა, რომ თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის უფროსს, კახა ჩიხრაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილება დროებით შეუჩერდებოდა. მისივე ინფორმაციით, თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურში არსებული პრობლემების მოგვარებაზე საკონსულტაციო-მმართველობითი საბჭო იზრუნებს, როგორც ქაცარავამ აღნიშნა, მმართველობით საბჭოში ორი წარმომადგენელი მერიიდან იქნება, სამი კი - ჯანდაცვის სამინისტროდან.