ყოფილი პოლიტპატიმრები საპროცესო გარიგების მიზეზებზე საუბრობენ

ყოფილი პოლიტპატიმრები საპროცესო გარიგების მიზეზებზე საუბრობენ

ყოფილი პოლიტპატიმრები, რომლებიც აჭარის ტელევიზიაში შეჭრისა და პოლიციაზე წინააღმდეგობის გაწევის მცდელობისთვის იხდიდნენ სასჯელს , საპროცესო გარიგების გაფორმების მიზეზებზე საუბრობენ.

როგორც ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ ბრიფინგზე ყოფილმა პოლიტპატიმრებმა ცოტნე ანანიძემ, დიმიტრი ჭეიშვილმა, ანზორ სოლომონიძემ და ხვიჩა გამარჯობაძემ აღნიშნეს, კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალი ზოგიერთი პოლიტიკური სუბიექტი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას "ნაციონალურ მოძრაობასთან" კომპრომისზე წასვლად აფასებს.

როგორც ყოფილმა პოლიტპატიმრებმა აღნიშნეს, პატიმრობის დროს მათზე ხორციელდებოდა ზეწოლა და თუ არ მოაწერდნენ საპროცესო გარიგების გაფორმებას ხელს, მათ თანაგუნდელებს და ოჯახის წევრებსაც დააპატიმრებდნენ.

როგორც ცოტნე ანანიძემ აღიშნა, მსგავსი კამპანიები და პრეტენზიები პოლიტიკური, სამართლებრივი თუ მორალური მათ წინააღმდეგ ნიშნავს დაჩაგრულის დაჩაგვრას, რაც "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებში შედის.

"თუ რატომ გავაფორმეთ საპროცესო გარიგება, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის, სოლიდარობის და მეორე მხრივ, ჩვენს წინააღმდეგ აგორებული კულუარული ჭორებისა, რომელსაც სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტები აწარმოებენ, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ კითხვას ვუპასუხოთ. საპროცესო გარიგება იყო არა ჩვენთვის მომგებიანი, არამედ ხელისუფლების ინტერესში შედიოდა. ყველა გარემოება შექმნეს იმისთვის, რომ ამაზე წავსულიყავით, ეს იყო ჩვენთვის ზედმეტი ტვირთი, მაგრამ ჩვენი თანამებრძოლეებისა და ოჯახის წევრების გადასარჩენად დავთანხმდით საპროცესო გარიგებას", - აღნიშნა ცოტნე ბაკურიძემ.

ყოფილი პოლიტპატმრები არ აკონკრეტებენ, თუ რომელი პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან ვრცელდება აღნიშნული ინფორმაცია. როგორც დიმიტრი ჭეიშვილმა აღნიშნა, საპროცესო გარიგება თანამებრძოლების და ოჯახის წევრების ფიზიკური და სამართლებრივი გადარჩენისთვის გააფორმეს.

"ჩვენთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა 2 წელს მოგვისჯიდნენ თუ 12 წელს. ვხედავდით, რომ პოლიტიკური სიტუაცია მალე შეიცვლებოდა და გავთავისუფლდებოდით. ჩვენი მხრიდან არ ყოფილა შიში იმის გამო, რომ ციხეში დიდხნიანი პატიმრობა მოგვიწევდა, ეს იყო სხვებზე მორიგება და მოფრთხილება, რომ სხვებს არ შექმნოდათ პრობლემები. ჩვენ გვინდოდა გარეთ ისეთი ხალხი ყოფილიყო, ვინც რეჟიმის შეცვლისთვის იბრძოლებდა", - აღნიშნა დიმიტრი ჭეიშვილმა.

აჭარის ტელევიზიასთან მომხდარი ინცინდენტის გამო საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაცია "სახალხო კრების" შვიდი წევრი 2011 წლის 21 მაისს, ხოლო ცოტნე ანანიძე 16 ივნისს დააპატიმრეს. პოლიტპატიმრის სტატუსით ისინი 2012 წლის 29 დეკემბერს გაათავისუფლეს.