"ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტის განხილვა ისევ გადაიდო

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტის განხილვა მომხსნებლის, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის, ქეთევან ციხელაშვილის არ გამოცხადების გამო არ გაიმართება. ამის შესახებ სხდომის დაწყებისას აღნიშნული კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა. 

აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა უკვე მეორედ გადაიდო ასევე ციხელაშვილის გამოუცხადებლობის გამო. პირველ ეტაპზე მიზეზად ციხელაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება დასახელდა.

რაც შეეხება უშუალოდ კანონპროექტს, მისი მიხედვით, პირველ შემთხვევაში, პირის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევისთვის პასუხისმგებლობა სისხლის სამართლის სფეროდან გადატანილია ადმინისტრაციული სამართლის სფეროში.

მთავრობის მიერ მომზადებული პროექტით, ნორმების დარღვევის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი, თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად, 400 ლარით დაჯარიმდება.