დავით სერგეენკო ახალი ფარმაცევტული კომპანიის სახელწოდებას არ აკონკრეტებს

დავით სერგეენკო ახალი ფარმაცევტული კომპანიის სახელწოდებას არ აკონკრეტებს

ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო იმ კომპანიის სახელწოდებას, რომელიც ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე შესაძლოა გამოჩნდეს, არ აკონკრეტებს. 

როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, რაც მთავარია აქცენტი გაკეთდება იმაზე, რომ ახალი კომპანიის გამოჩენით ძველი მოთამაშეების დათრგუნვა არ მოხდეს.

"არაერთხელ გვაქვს დეკლარირებული, რომ კერძო ბიზნესის განვითარებას ხელი უნდა შევუწყოთ. კონკურენცია ყოველთვის კარგია, იმდენად, რამდენადაც მედიკამენტების ღირებულება ზოგადად ჯანდაცვის დანახარჯების ძალიან მაღალ, 60%-ს შეადგენს, რითაც ჩვენ ევროპაში პირველი ადგილი, მსოფლიოში კი ერთ-ერთი პირველი ადგილი გვიჭირავს. თავისთავად ცხადია, რომ უნდა მივიღოთ ზომები, რომ ეს პარიტეტი დავიდეს ოპტიმუმამდე. აქ რაიმე იმპერატიულ რეგულირებაზე საუბარი არ იქნება, არამედ კონკურენციის დამყარებაზე და ჯანსაღ ველზე გადასვლაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ვზრუნავთ ამაზე და რამდენიმე მიმართულებით გვაქვს მოლაპარაკება, მაგრამ რადგან მოლაპარაკებების სტადია ჯერ კიდევ არ დასრულებულა, კომპანიისა და ვადების დასახელებისგან თავს შევიკავებ. თავისთავად ცხადია, რომ კონკურენცია კერძო ბაზარზე არ უნდა იყოს დისკრიმინაციული და ახალმა მოთამაშემ არ უნდა გამოიწვიოს ძველი მოთამაშეების დათრგუნვა", - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი კომპანიის შესაძლო გამოჩენის შესახებ გუშინ პრემიერ-მინისტრმა რეგიონალური მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ისაუბრა.