გიორგი მარგველაშვილი:  პატივცემულო სტუდენტებო, ნუ გახდით ბენდუქიძის პოლიტიკური მძევლები

გიორგი მარგველაშვილი: პატივცემულო სტუდენტებო, ნუ გახდით ბენდუქიძის პოლიტიკური მძევლები

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი სტუდენტებს მოუწოდებს, ნუ გახდებიან ბენდუქიძის პოლიტიკური მძევლები, - ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ განუცხადა. მისივე თქმით, სტუდენტებზე იმ შემთხვევაშიც იზრუნებს, თუ ისინი კახა ბენდუქიძის ბინძურ თამაშს გააგრძელებენ.

"პატივცემულო სტუდენტებო, ნუ გახდით ბენდუქიძის პოლიტიკური მძევლები. თუ თქვენ მაინც გააგრძელებთ ამას და მიჰყვებით მას თავის ბინძურ თამაშში, რადგან ამ ადამიანს ცხოვრებაში სუფთა თამაში არ უთამაშია, მე მაინც ვიზრუნებ თქვენზე. უკვე ვმუშაობ უკეთესი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნაზე ტექნიკურ უნივერსიტეტში და მეტიც, იქ სწავლა იქნება უფასო. შესაბამისად, ნუ იქნებით ბენდუქიძის პოლიტიკური სიბინძურის მძევლები", - მიმართა გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებს.

განათლების მინისტრმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ აგრარული უნივერსიტეტი არ გაუქმებულა, რადგან განკარგულება ავტორიზაციის გაუქმების შესახებ ძალაში 4 თვეში შედის.

"რამდენიმე დღეა ინფორმაციული მარაზმი მიმდინარეობს, რომლის ფონზე ადამიანი, რომელსაც აქვს მედიაგავლენები, თავის მსხვერპლად წარმოჩენას ცდილობს. სინამდვილეში შინაარსი მარტივია. ბატონი ბენდუქიძე უნდა დაემორჩილოს საქართველოს კანონმდებლობას და უნდა შეასწოროს უნივერსიტეტის შინაგანაწესი. აგრარული უნივერსიტეტი არ არის დახურული. განკარგულება კი ავტორიზაციის გაუქმების შესახებ ძალაში შედის 4 თვეში. ამდენი მარაზმატული ტყუილის და სტუდენტების მძევლად აყვანის ფონზე საზოგადოება ერთი კვირაა აკვირდება იმ უხამსობას, რომელიც მედიით მიმდინარეობს. ახლა პირდაპირ გინებაზეც გადმოვიდნენ. თუმცა მე ვცდილობ შევქმნა ალტერნატიული ბაზა იმ შემთხვევისთვის, თუ ბენდუქიძე გააგრძელებს უმანკო შეურაცხყოფილი როლის თამაშს და სტუდენტები კვლავ მძევლად ეყოლება", - აღნიშნა მარგველაშვილმა.