თეა წულუკიანი დღეს დილით კოტე კუბლაშვილს შეხვდა

თეა წულუკიანი დღეს დილით კოტე კუბლაშვილს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დღეს დილით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, კოტე კუბლაშვილს შეხვდა. როგორც მთავრობის სხდომიდან გამოსულმა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, კუბლაშვილთან რიგით მესამე შეხვედრის მიზანი იყო ერთმანეთში გაერკვიათ - "ვინ როგორ კითხულობს ვენეციის კომისიის დასკვნას". 

"ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გვაქვს ერთნაირი ხედვა. ეს არის მედიასაშუალებების მიერ ვიდეოჩანაწერების და ტრანსლირების გაკეთებასთან დაკავშირებით კონკრეტული ცვლილებების შეტანა არსებულ კანონმდებლობაში, რომ მოსამართლემ შეძლოს ერთი მხრივ, მედიას გაუხსნას სასამართლო პროცესი, მაგრამ მეორეს მხრივ, თვითონ არ დაზიანდეს თავის საქმიანობაში. ამ მხრივ, ჩვენი პროექტი დაზუსტდება. გარდა ამისა, შევთანხმდით იმაზე, რომ თავმჯდომარე მოსამართლეებს ექნებათ მოსამართლეთა კონფერენციაზე კენჭისყრის უფლება, მაგრამ იუსტიციის სამინისტრო რვა მოსამართლესთან დაკავშირებით რჩება თავის პოზიციაზე.

"კერძოდ, მივიჩნევთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რვა წევრი მოსამართლიდან მხოლოდ ერთი შეიძლება იქნას შენარჩუნებული, რადგან მხოლოდ ის აკმაყოფილებს ახალ კრიტერიუმებს, დანარჩენები კი უნდა იქნენ თავიდან არჩეული. ამის შესახებ ბატონ კუბლაშვილთან გვქონდა აზრთა გაცვლა-გამოცვლა", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

მისივე განმარტებით, მთლიანობაში შეხვედრა იყო კონსტრუქციული და მშვიდობიანი.

"მე პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად ყველა ზომას მივმართე, რომ ის პოზიცია, რაც პარლამენტში გავიდოდა ყოფილიყო წინასწარ გაზიარებული ბატონ კუბლაშვილთან. თუმცა, როგორც გითხარით, ერთ პრინციპულ საკითხზე, რომელიც რვა მოსამართლის გადარჩევის საკითხს შეეხება, რჩება აზრთა სხვადასხვაობა", - დასძინა წულუკიანმა.

მისივე ინფორმაციით, არსებობს სურვილი, რომ ორშაბათამდე მასა და კუბლაშვილს შორის კიდევ ერთი, უფრო გაფართოებული შემადგენლობის შეხვედრა გაიმართოს, რომელშიც პარლამენტარებიც ჩაერთვებიან.

"არ ვიცით, ამის დრო რამდენად გვექნება მე და ბატონ კუბლაშვილს, მაგრამ გვაქვს სურვილი, ორშაბათამდე მოვაწყოთ უფრო გაფართოებული შეხვედრა, სავადრაუდოდ დეპუტატების მონაწილეობით", - დასძინა იუსტიციის მინისტრმა.