ტერორი გრძელდება - თამთა სანიკიძემ „იმედი“ დატოვა

ტერორი გრძელდება - თამთა სანიკიძემ „იმედი“ დატოვა

„იმედის“ წამყვანმა თამთა სანიკიძემ ტელეკომპანია დატოვა. ამ გადაწყვეტილებას თავად იმით ხსნის, რომ სასწავლებლად მიემგზავრება ჰოლანდიაში. თუმცა, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მის მიერ სამსახურის დატოვება ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება.

უფრო კონკრეტულად, თამთა სანიკიძე ბიძინა ივანიშვილის ახლო ნათესავზე თხოვდება. ცხადია, მას არ მოსწონდა ის პოლიტიკა, რასაც „იმედი“ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ახორციელებს.

თუმცა, წლების განმავლობაში სანიკიძე „იმედის“ სახედ ითვლება, მას არ აქვს ის გავლენა, რომ ტელეკომპანიის პოლიტიკაზე გავლენა მოახდინოს. ჩვენი წყაროს თქმით, სანიკიძე „იმედის“ მიერ ივანიშვილზე მომზადებულ მორიგ  კადრებს მოღუშული უყურებდა, რაზეც საინფორმაციო სამსახურის უფროსმა მათე კირვალიძემ საყვედური უთხრა, „სახე გაასწორეო“. ეს ბოლო წვეთი აღმოჩნდა სანიკიძესთვის და ტელეკომპანია დატოვა.

აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანია საგულდაგულოდ მალავს, რომ დამატებით არ მისცეს სალაპარაკო საზოგადოებას და ფაქტი ისე იფუთება, თითქოს თამთა სანიკიძე ჰოლანდიაში მიემგზავრება სასწავლებლად.

ჩვენ დავუკავშირდით თამთა სანიკიძეს, რათა ეს ინფორმაცია გადაგვემოწმებინა, მაგრამ მან ჩვენთან საუბრისას მხოლოდ ის თქვა, რომ იგი სასწავლებლად მიემგზავრება ჰოლანდიაში და საქართველოდან წასვლას 12 ნოემბრისთვის გეგმავს. სანიკიძემ სხვა რამის დამატება აღარ მოისურვა. არადა, საინტერესოა, როდის გადაწყვიტა სასწავლებლად წასვლა, კონკრეტულად სად უნდა ისწავლოს და ა.შ.

ამიტომაც უფრო სარწმუნო ჩანს ის ინფორმაცია, რომ სანიკიძეც, გარკვეულწილად, პოლიტიკური წნეხის მსხვერპლი გახდა. მართალია, ეს წნეხი მასზე არა მისი პოლიტიკური შეხედულების თუ ჟურნალისტური სტანდარტების დაცვის გამოა განხორციელებული, არამედ, უბრალოდ, მისი პიროვნული ურთიერთობების გამო. ფაქტია, ხელისუფლება ასეთი ურთიერთობების გაკონტროლებასაც ცდილობს და ადამიანებს სამსახურიდან გათავისუფლებით სჯის.

აღსანიშნავია, რომ სამსახურის დატოვება, შესაძლოა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალ „მაუწყებლის“ მთავარ რედაქტორს ირაკლი ტაბლიაშვილს მოუხდეს იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციაზე მის მიერ დასმული კითხვის ფორმა არ მოეწონათ. 

აღსანიშნავია ისიც, რომ ივანიშვილის პრესკონფერენციაზე ხელისუფლების კონტროლირებადი ტელევიზიის ჟურნალისტებს პროვოკაციების მოწყობას სწორედ სამსახურიდან გათავისუფლების მუქარით აიძულებდნენ.