გიორგი მარგველაშვილი კახა ბენდუქიძეს სტუდენტების მძევლად აყვანის მცდელობას ამჩნევს

გიორგი მარგველაშვილი კახა ბენდუქიძეს სტუდენტების მძევლად აყვანის მცდელობას ამჩნევს

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, გიორგი მარგველაშვილი კახა ბენდუქიძეს სტუდენტების მძევლად აყვანის მცდელობას ამჩნევს. როგორც მარგველაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, სამინისტრომ დააფიქსირა პოლიტიკური ნება, რომ კანონის ფარგლებში რაც შეუძლია მაქსიმალურად დააჩქაროს ავტორიზაციის აღდგენის პროცესი. მინისტრის განმარტებით, წარსულშიც ყოფილა, როდესაც სხვა უმაღლესმა სასწავლებლებმა ხარვეზები სამ-ოთხ დღეში გამოასწორეს. 

"აგრარულ უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესი კი ამ ეტაპზე მიმართული არ არის ხარვეზების გამოსწორებისკენ, არამედ ხდება პროცესის მაქსიმალური პოლიტიზაცია. მეორეს მხრივ მივხვდი, რომ ბენდუქიძემ შეიძლება სტუდენტები მძევლად აიყვანოს. არ შემოიტანოს განცხადება ხარვეზების გამოსასწორებლად და თავისი თავი აქციოს მსხვერპლად. მივხვდი თუ არა ამას, მაშინვე გავააქტიურე პროექტი ტექნიკურ უნივერსიტეტთან. ტექნიკურ უნივერსიტეტში შეიქმნება ბაზა, ბევრად უკეთესი და უფასო, სადაც ისწავლიან სტუდენტები", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ანალოგიური შემოწმება სხავდასხვა უნივერსიტეტებშიც მიმდინარეობს, თუმცა ისინი ამ საკითხს არ აპროტესტებენ, უბრალოდ იმ ხალხს არ აღიზიანებს საქართველოს კანონმდებლობა, რომლის თანახმადაც სტუდენტი კი არ უნდა გარიცხო, არამედ მათ სტატუსი უნდა შეუჩერო და ამას ასახავენ კიდეც თავიანთ შინაგანაწესში", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.