საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციის გავრცელების შესახებ საუბრობს.
როგორც მან ვაშინგტონში კარნეგის ცენტრში მოხსენებით გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, აშკარაა, რომ გარკვეული არხებით არასწორი ინფორმაციაა გავრცელებული ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
"ჩვენ ყველა დაინტერესებულ პირს განვუმარტეთ მათთვის საინტერესო საკითხები", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
ვიზიტის ფარგლებში დავით უსუფაშვილმა საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან ერთად კონგრესში რამდენიმე შეხვედრა გამართა. თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გარდა შეხვედრების ერთ-ერთი ძირითადი თემა სავაჭრო ურთიერთობების გარღმავება და ამერიკული ინვესტიციების საქართველოში მოზიდვა იყო.
"ამ საკითხებით საკმაოდ დიდი დაინტერესებაა კონგრესმენთა მხრიდან. რამდენიმე მათგანმა ძალიან კონკრეტული მიმართულებები გამოკვეთა სოფლის მეურნეობის სფეროში. მათ მზადყოფნა გამოთქვეს, რომ კიდევ უფრო დაინტერესდნენ იმით, რომ აქაურმა ბიზნესმენებმა საქართველოში საკუთარი ბიზნესი წამოიწყონ და განვითარდნენ", - აღნიშნა უსუფაშვილმა.