ზურაბ აბაშიძე რუსეთთან ურთიერთობების აღდგენაზე პოზიტიურ განწყობას მიესალმება

ზურაბ აბაშიძე რუსეთთან ურთიერთობების აღდგენაზე პოზიტიურ განწყობას მიესალმება

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე რუსეთთან ურთიერთობების აღდგენაზე IRI-ის მიერ გამოკითხულთა უმეტესობის პოზიტიურ განწყობას მიესალმება. 

როგორც აბაშიძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, გაჩნდა განცდა, რომ რუსეთთან დაყებული დიალოგის ფონზე სამხედრო ესკალაციისა და დაძაბულობის ალბათობამ იკლო. მისივე განმარტებით, დაწყებული დიალოგის შედეგად გარკვეულ სფეროში ხელშესახები შედეგები უკვე სახეზეა.

"მისასალმებელია, რომ გამოკითხულთა უმეტესობა მხარს უჭერს რუსეთთან ურთიერთობების ჩიხიდან გამოსვლას და მეტი პოზიტივის შექმნას ჩვენს ურთიერთობაში, რაც ხდება კიდეც. უკვე არის ხელშესახები შედეგები ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა, სატრანსპორტო კავშირები, ბიზნესი, ჰუმანიტარული და კულტურული ურთიერთობები, ყველაფერი ნელნელა მოგვარდება. ვფიქრობ, უახლოეს თვეში ჩვენი პროდუქცია რუსულ ბაზარზე დაბრუნდება, რაც ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება და წაადგენა ჩვენს ქვეყანას", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

მისივე განმარტებით, საქართველოს მთავრობა ადრეც ამბობდა და ახლაც იმეორებს, რომ რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის პროცესი რთული იქნება, თუმცა ეს შესაძლებელია.

"სწრაფად არაფერი მოხდება. იმ ჩიხიდან, რომელშიც აღმოვჩნდით 2008 წლის შემდეგ, გამოსვლა რთული იქნება. ჩვენ მოჯადოებულ წრეზე ვტრიალებთ, რადგან რუსეთი ამბობს, რომ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდობლობის აღიარების გადაწყვეტილების უკან წაღებას არ აპირებს, ჩვენ კი ვრჩებით პოზიციაზე, რომ ამას არასდროს შევეგუებით. მიუხედავად ამისა, მოჯადოებული წრიდან გამოსავალი მომავალში აუცილებლად უნდა მოინახოს", - დასძინა აბაშიძემ.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის, IღI-ის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, რუსეთთან დიალოგის გაგრძელებას გამოკითხულთა 82 % უჭერს მხარს.

კითხვაზე, უჭერთ თუ არა მხარს დიალოგის გაგრძელებას რუსეთთან?, 82 პროცენტმა უპასუხა, რომ სრულიად უჭერს მხარს, 13% ნაწილობრივ უჭერს მხარს, 2% ნაწილობრივ არ უჭერს მხარს, 2 % კატეგორიულად არ უჭერს მხარს, ხოლო გამოკითხულთა 1 პროცენტმა არ უპასუხა ან უპასუხა, რომ არ იცის. 2012 წლის მარტში რუსეთთან დიალოგის გაგრძელებას მხარს გამოკითხულთა 74% უჭერდა.

IRI-მ გამოკითხვა 2013 წლის 18 – 27 თებერვალს ჩაატარა. პირისპირ ინტერვიუს მეთოდით 18 წლის ზემოთ 1500 ქართველი რესპონდენტი გამოიკითხა. ცდომილება 2.5%-ს არ აღემატება. გამოკითხვა "IRI"-ის დაკვეთით ჩატარდა და დაფინანსებული იყო USAID-ის მიერ.