სტუდენტები აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმებას გააპროტესტებენ

სტუდენტები აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმებას გააპროტესტებენ

აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმებას სტუდენტები დღეს განათლების სამინისტროსთან გააპროტესტებენ. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტმა ილია ბიძინაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, სტუდენტებს აქცია მხოლოდ განათლების სამინისტროსთან აქვთ დაგეგმილი და იგი 16:00 საათზე დაიწყება. აქციაში სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებიც მიიღებენ მონაწილეობას. აქციის მიზანი აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის აღდგენაა.

ბიძინაშვილის თქმით, თუ განათლების სამინისტრო მათ მოთხოვნას არ გაითვალისწინებს, აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს და ავტორიზაციის აღდგენამდე გაიმართება.

ავტორიზაციის საბჭო აგრარულ უნივერსიტეტს შეტყობინებას სავარაუდოდ 10 დღეში გადაუგზავნის. სტუდენტები აცხადებენ, რომ კანონის თანახმად, აღნიშნულის შემდეგ იქ სასწავლო პროცესის გაგრძელება სისხლის სამართლის დანაშაული იქნება.