საინფორმაციო ცენტრების განცხადება ეკა ბესელიას ბრალდებებთან დაკავშირებით

საინფორმაციო ცენტრების განცხადება ეკა ბესელიას ბრალდებებთან დაკავშირებით

ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ეკა ბესელიას დღეს გაკეთებული განცხადებების მიზანი სამეგრელო - ზემო სვანეთის საინფორმაციო ცენტრის (tspress.ge) და მისი რედაქტორის ელისო ჯანაშიას საქმიანი რეპუტაციის დისკრედიტაციაა. მოვუწოდებთ მას, როგორც საჯარო მოხელეს „მოთმინებით მოეკიდოს" ჟურნალისტების მხრიდან კრიტიკას, მით უფრო რომ კანონმდებლობით თმენის ვალდებულება აკისრია.

ეკა ბესელიამ ელისო ჯანაშიას მისამართით ცრუ ბრალდებები მას შემდეგ გააკეთა, რაც TSpress.ge - ის რედაქტორმა პრემიერ - მინისტრს რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე კითხვები დაუსვა დეპუტატის საქმიანობასთან დაკავშირებით. ელისო ჯანაშიას კითხვები შეეხებოდა იმას, თუ როგორ აპირებდა ბიძინა ივანიშვილის მთავრობა თვითმმართველობის გაჯანსაღებას, როცა დეპუტატი ბესელია უხეშად ერევა ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში, მისი რეკომენდაციით ინიშნებიან თანამდებობის პირები, თავად იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო საკითხებთან დაკავშირებით, აცხადებს, რომ „ფოთი მას აქვს ჩაბარებული" და ა.შ.

პრემიერ - მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მსგავსი ფაქტების დადასტურების შემთხვევაში, რაც „ფოთის ბესელიასთვის ჩაბარებას" შეეხება, იგი პარტიიდან გაირიცხება. პრემიერ-მინისტრის ამ განცხადების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ეკა ბესელიამ ელისო ჯანაშიას წინააღმდეგ ცრუ ბრალდებების შემცველი ინფორმაცია გაავრცელა.

დეპუტატის მტკიცებით, TSpress.ge-ს რედაქტორი მასზე განაწყენებულია, რადგან მის ძმას დასაქმებაზე უარი უთხრა და ასევე, არ დაფინანსდა დედამისის მკურნალობის ხარჯები.

გაურკვეველია, საიდან იცოდა ეკა ბესელიამ ბიუჯეტის ჯანდაცვის მუხლიდან ელისო ჯანაშიას დედის მკურნალობის ხარჯების დამტკიცებასთან დაკავშირებული დეტალები, როდესაც თავად განმცხადებლისთვის უცნობი იყო დაფინანსების შესახებ საბოლოო ოფიციალური პასუხი. ელისო ჯანაშიას დედა საქართველოს მოქალაქეა და მან მკურნალობის ხარჯების თანადაფინანსება, სათანადო დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ, მართლაც სთხოვა ფოთის მერიას ან/და ჯანდაცვის სამინისტროს, რისი კანონიერი უფლებაც აქვს.

საინფორმაციო ცენტრები მოუწოდებენ ფოთის მაჟორიტარ დეპუტატს შეწყვიტოს მსგავსი ფაქტებით სპეკულირება, რადგან სინამდვილეში, ეკა ბესელიამ, TSpress.ge-ზე კრიტიკული სტატიების გამოქვეყნების შემდეგ, ელისო ჯანაშიას პირადად შესთავაზა თავისი პიარ-ჯგუფის ხელმძღვანელობა და ძმის დასაქმება, რაზედაც უარი მიიღო.

TSpress.ge დამოუკიდებელი მედია-ორგანიზაციაა, რომელიც წლების განმავლობაში დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს და ხელს უწყობს საქართველოში სიტყვის თავისუფლების და დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებას.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი (www.ick.ge)
მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი (www.icmm.ge)
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი (www.qartli.ge)
სამეგრელო, ზემო სვანეთის საინფორმაციო ცენტრი (www.tspress.ge)