დავით უსუფაშვილი - მე ვითხოვ იმას, რომ პარლამენტი იყოს კიდევ უფრო ძლიერი

დავით უსუფაშვილი - მე ვითხოვ იმას, რომ პარლამენტი იყოს კიდევ უფრო ძლიერი

მე ვითხოვ იმას, რომ საქართველოს პარლამენტი იყოს კიდევ უფრო ძლიერი, - ასე პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას , მის მიერ შუალედურ არჩევნებში მონაწილე კანდიდატებად პროფესიონალი კადრები და არა მსახიობები დაასახელონ.

როგორც უსუფაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან საუბარში განაცხადა, მას სურს პარლამენტში თეა წულუკიანზე, არჩილ კბილაშვილსა და კახა კალაძეზე არანაკლები პროფესიონალები მოხვდნენ, რომელთა შემცვლელებიც შუალედური არჩევნებით გაირკვევა.

"მე ვითხოვ იმას, რომ საქართველოს პარლამენტი იყოს კიდევ უფრო ძლიერი. "ქართული ოცნება" ქართველმა ხალხმა აირჩია იმიტომ, რომ კოალიციამ ხალხს შესთავაზა ძლიერი, ავტორიტეტული, მშრომელი, პატიოსანი პოლიტიკოსები თუ არაპოლიტიკოსები. ჩვენ ვართ უმრავლესობაში, მაგრამ გვჭირდება გაძლიერება. ჩვენ გამოგვაკლდა კახა კალაძე, არჩილ კბილაშილი და თეა წულუკიანი და სწორედ მათ შემცვლელებს გამოავლენს შუალედური არჩევნები. მე ძალიან მინდა, რომ პარლამენტში შემოვიდნენ არანაკლებ პროფესიონალები და საქმის გამკეთებლები, ვიდრე ესენი არიან. ესაა სრულიად გულწრფელი სურვილი პარლამენტის თავმჯდომარის, რომელიც ვალდებულია იზრუნოს პარლამენტის უკეთეს მუშაობაზე", - აღნიშნა უსუფაშვილმა.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, უმრავლესობას საპალამენტო მუშაობის გამოცდილება არ აქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა "ექსპო ჯორჯიაში" რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ახლა სამი ახალი დეპუტატის არჩევა უნდა მოხდეს და უსუფაშვილი ითხოვს, რომ ისინი პროფესიონალები იყვნენ და არა ცნობილი მსახიობები.

"ჩვენ გვყავს უმრავლესობა პარლამენტში, გამოცდილება არ აქვთ საპარლამენტო მუშაობის. ახლა სამი დეპუტატი უნდა ავირჩიოთ დამატებით, რომელიც მთავრობაში შევიყვანეთ. უსუფაშვილი ყოველდღე მახსენებს, არ გაბედო და ვინმე ცნობილი მსახიობი ან ვინმე არ შევიყვანო. აუცილებლად მას უნდა შეეძლოს მუშაობა კანონებთან, უნდა ჰქონდეს გამოცდილება და ასეთ ადამიანებს ვეძებთ. პირდაპირ მახსენებს, ვისი გუნდის წევრიც გინდა იყოს, მან უნდა იცოდეს, როგორ იმუშაოს პარლამენტში. ჩვენი გუნდიდან სამი კაციც ვერ მეხმარება, ასეთი პოზიცია აქვს უსუფაშვილს. ჩვენ შევიყვანეთ ჩვენი საყვარელი ხალხი, მოვიგეთ არჩევნები, მაგრამ იქ არის პროცედურა", - აღნიშნა ივანიშვილმა.