ნაფიც მსაჯულებთან დაკავშირებით მთავრობის მიერ მომზადებულ კიდევ ერთ ახალ ინიციატივას ხვალ საპარლამენტო კომიტეტი განიხილავს

ნაფიც მსაჯულებთან დაკავშირებით მთავრობის მიერ მომზადებულ კიდევ ერთ ახალ ინიციატივას ხვალ საპარლამენტო კომიტეტი განიხილავს

ნაფიც მსაჯულებთან დაკავშირებით მთავრობის მიერ მომზადებულ კიდევ ერთ ახალ ინიციატივას ხვალ, პირველი მოსმენით ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტი განიხილავს. საუბარია "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" შესატანი ცვლილებების პროექტზე, რომელიც მთავრობის ავტორობითა და ინიციატივით პარლამენტს განსახილველად უკვე წარედგინა.

პროექტის თანახმად, სისხლის სამართლის პროცესში მონაწილე მხარეებს შესაძლებლობა ეძლევათ, საქმის ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე განხილვის გადაწყვეტილება შეთანხმებით მიიღონ.

მთავრობა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთან დაკავშირებულ 226-ე მუხლის I ნაწილის იმგვარად კორექტირებას ითხოვს, რომლის მიხედვითაც, თუკი წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარეები თანხმდებიან, რომ საქმის განხილვა ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე მოხდეს.

დღეს მოქმედი კოდექსით კი, თუკი ბრალდებული შუამდგომლობს, რომ საქმე ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე განიხილონ, მას ნაფიცი მსაჯულები ვერ განიხილავენ. ნაფიცი მსაჯულები განხილვის პროცესში ვერც იმ შემთხვევაში ჩაერთვებიან, თუკი დანაშაულის სიმძიმიდან ან ხასიათიდან გამომდინარე, შესაძლებელია საფრთხე შეექმნას ნაფიც მსაჯულთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან სხვაგვარად იქნეს ხელყოფილი მათი ხელშეუხებლობა. ასევე, როდესაც ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ჩატარება არსებითად დაარღვევს ობიექტური და სამართლიანი სასამართლოს უფლებას, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, საქმის განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილებითა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანხმობით, საქმეს მოსამართლე ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე განიხილავს.

ბრალდებულის მიერ ნაფიცი მსაჯულების აცილების საკითხზე სულ სხვა ინიციატივით შევიდა მთავრობა პარლამენტში დაახლოებით ერთი თვის წინ, მაგრამ მალევე საკუთარი საკანონმდებლო ინიციატივა უკან გაიწვია. "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის" 226-ე მუხლის I ნაწილის პირვანდელი ცვლილებების პროექტის თანახმად, ბრალდებული, რომელიც მასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეში ნაფიცი მსაჯულების აცილებაზე იშუამდგომლებს, ვალდებული ხდება, ამგვარი შუამდგომლობის ობიექტური საფუძვლები დაასაბუთოს. ამასთან, ბრალდებულის შუამდგომობის დაკმაყოფილება-არდაკმაყოფილების პროცესში ერთვება პროკურორი. ბრალდებულის შუამდგომლობა პროკურორის თანხმობით დაკმაყოფილდება, ხოლო პროკურორის უარის შემთხვევაში, მოსამართლე ბრალდებულის შუამდგომლობას არ აკმაყოფილებს და საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო იხილავს. აღნიშნული ინიციატივა იუსტიციის სამინისტროს ავტორობითა და მთავრობის ინიციატივით პარლამენტში თებერვალში შევიდა, თუმცა, მთავრობის ინიციატივითვე ის პარლამენტმა გაიწვია.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზუსტად ანალოგიური კანონპოექტი წარუდგინა პარლამენტს დეპუტატმა კობა დავითაშვილმაც და მთავრობის ინიციატივის უკან გატანა და დავითაშვილის პროექტის დარეგისტრირება პარლამენტის ბიუროს ერთ სხდომაზე მოხდა.